მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმდიდრესი აზიელი ბოლო ერთ თვეში რიგით მეოთხე მსხვილ გარიგებას აწარმოებს

5ec4293520abd
თამთა ჯიჯავაძე
20.05.20 00:10
1679
ინდოელი მილიარდერი მაკეშ ამბანი, რომელიც აზიაში უმდიდრესი ადამიანია, თავის კომპანია Jio Platforms-ისთვის რიგით მეოთხე მსხვილ გარიგებას აწარმოებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ცნობილ გახდა, რომ ამჯერად ციფრული სერვისების კომპანია Jio Platforms-ის 1.3%-იან წილს ამერიკული კომპანია General Atlantic-ი დაახლოებით $870 მილიონად ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ Jio-ს მსხვილი გარიგებები 22 აპრილს დაიწყო, როდესაც სოციალური ქსელების გიგანტმა Facebook-მა ინდურ კომპანიაში დაახლოებით 10%-იანი წილი $5.7 მილიარდად შეიძინა. ამას მოჰყვა 4 მაისს კალიფორნიული კომპანია Silver Lake Partners-ის მიერ 1%-ის ყიდვა Jio-ში $748 მილიონად. ხოლო დაახლოებით ერთი კვირის წინ, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა ფონდმა Vista Equity Partners-მა განაცხადა, რომ ინდურ კონგლომერატში აქციების 2.3%-ს შეიძენს $1,5 მილიარდად.

ამგვარად, მაკეშ ამბანიმ, რომლის ქონებაც $53.7 მილიარდია, ბოლო ერთ თვეში $8,8 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო თავის კომპანიაში აქციების 15%-ის გაყიდვის შედეგად.

მაკეშ ამბანი Reliance Jio Infocomm Limited-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია. ის განცხადებაში ამბობს, რომ სასიამოვნოდ აღელვებულია ბოლო გარიგებით და იმით, რომ General Atlantic-ი მისი პარტნიორი ხდება. ამბანის ვაჟმა აკაშმა კი, რომელიც Jio Platforms-ის შემადგელობაში შემავალი Reliance Jio Infocomm-ის დირექტორია, აღნიშნა, რომ ახალი ინვესტიცია კომპანიის ახალგაზრდა გუნდს უფრო მეტ ენერგიას მიანიჭებს, რათა მიაღწიონ უფრო ამბიციურ მიზნებს.

თავად General Atlantic-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ბილ ფორდი აცხადებს, რომ მისი კომპანია იზიარებს მაკეშის პოზიციას, რომ ციფრულ კავშირგაბმულობას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინდოეთის ეკონომიკის ზრდა.

შეგახსენებთ, ამერიკული კერძო კაპიტალის კომპანია General Atlantic-ი ინდოეთში სხვადასხვა სახის ინვესტიციებს უკვე დაახლოებით ოცი წელია ახორციელებს.