მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმნიშვნელო სახელმწიფო დახმარების დიდი ნაწილი კულტურის, სპორტის და განათლების სფეროებზეა გაცემული - სააგენტო

60b9fe50cf604
BM.GE
04.06.21 14:23
618
2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ყოველწლიურად, კონკურენციის სააგენტოს - გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/აგენტების თაობაზე ინფორმაციას წარუდგენენ. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, დოკუმენტაციის მიწოდების ვალდებულება განსაზღვრულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, 48 მუნიციპალიტეტისგან უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება არ გაცემულა. 27 ადრესატისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში გაცემულია 390 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, საერთო მოცულობით 12 001 136 ლარი.

2020 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოს წარმოადგენდა თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც მოჰყვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დახმარების ძირითადი ნაწილი გაცემულია კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით.

სახელმწიფო დახმარების ფორმას, ძირითადად, წარმოადგენდა ფინანსური დახმარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და საოპერაციო აქტივების გადაცემა.

უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების, სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება, რომლის მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში, არ აღემატება 400 000 ლარს. სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით - ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში, არ აღემატება 200 000 ლარს.

ინფორმაციისთვის: 2020 წელს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების თაობაზე, რეესტრის წარმოების მიზნით, მუნიციპალიტეტებს, სამინისტროებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს და გუბერნატორებს გაეგზავნა სულ 84 წერილი.