მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი საქართველოში ბრინჯის წარმოებას იწყებს

5f08c2956e2f5
თამთა ჯიჯავაძე
08.07.20 23:40
11967
უმსხვილესი თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი საქართველოში ბრინჯის წარმოებას იწყებს. როგორც მან Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბრინჯის წარმოების იდეა მას პანდემიის დროს გაუჩნდა, ამჟამად კი საკითხზე ის ეკონომიკის სამინისტროსთან მართავს მოლაპარაკებას. 

„ზუგდიდში არის საშრობი საწარმო, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე იყო და გადაეცა ეკონომიკას. ამის ამოქმედებას და თავიდან ექსპლუატაციაში გაშვებას ვაპირებთ. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 15 000 ტონა ბრინჯის იმპორტი ხორციელდება, რატომ არ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ეს პროდუქცია ჩვენ თავადვე? ეკონომიკის სამინისტროსთან და პროექტთან „აწარმოე საქართველოში“ მოლაპარაკებები გვაქვს და იმედია, ძალიან მალე დასრულდება. პანდემიის მიზეზით სოფლის მეურნეობაში ჩვენი ინვესტიციაც გამოიკვეთება“, – განაცხადა ოზთურქმა.

მისივე თქმით, ბრინჯის წარმოებაში ინვესტიციის მოცულობა 12 მილიონი ლარი იქნება, თუმცა შეიძლება ეს რიცხვი გაიზარდოს.

„ბრინჯის მიმართულებით 100%-ით უცხოეთზე ვართ დამოკიდებული, თურქეთსა და უკრაინაში თუ მოჰყავთ, საქართველოში რატომ არ უნდა მოვიყვანოთ. თვითკმარი საქართველოსთვის ყველა ხვრელები უნდა ამოვავსოთ“, – ამბობს თურქი ინვესტორი, რომლის METRO HOLDING-ი საქართველოში 2012 წლიდან საინვესტიციო კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯიას” სახითაა წარმოდგენილი.