მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა 17.6% გახდა - თვითდასაქმებულთა ნახევარი დასაქმებულად აღარ ითვლება

5fe997923dcb1
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.20 12:32
1296
საქართველოში დღემდე უმუშევრობა ითვლებოდა 1982 წელს შექმნილი მეთოდოლოგიით, რომლითაც გამოყვანილ უმუშევრობის რიცხვებს რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. დღეიდან საქსტატი უმუშევრობის დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომელიც თვითდასაქმებულთა ნაწილს დასაქმებულებად აღარ მიიჩნევს.

აქამდე მოქმედი მეთოდოლოგიით, უმუშევრად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11.6% ითვლებოდა, განახლებული მეთოდოლოგიის შედეგად კი, 2019 წლის მდგომარეობით უმუშევრობის დონე 17.6% გახდა. ასევე, გადაითვალა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც.

საქმე იმაშია, რომ აქამდე ავტომატურად თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოფლად ცხოვრობდა იმისდა მიუხედავად მას ჰქონდა თუ არა რეალური შემოსავალი. ამიტომაც სოფლად “ოფიციალური” უმუშევრობის დონე 5.5% იყო. ახალი კლასიფიკაციით კი, სოფლად თვითდასაქმებულებად ითვლებიან მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ ნაკვეთში მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციით არის დაკავებული.



“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისთვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად", - ნათქვამია საქტსტატის განმარტებაში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2017 წელს მიიღო დასაქმების სტატისტიკის აღრიცხვის განახლებული მეთოდოლოგია, რომელიც თვითდასაქმებულებს ავტომატურად დასაქმებულებად აღარ აღრიცხავს. 

ახალი სტანდარტის დანერგვის შედეგად, მთლიანად დასაქმებაში თვითდასაქმებულთა წილი 49.7%-დან 30.7%-მდე შემცირდა.

საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიით უმუშევრობის წინა წლების მაჩვენებლებიც გადაიანგარიშა. ახალი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 17%-ს შეადგენს.

ახალი სტანდარტის შექმნასთან ერთად შეიცვალა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სტატისტიკაც. ახალი მაჩვენებლებით ეკონომიკურად აქტიურად მთლიანი მოსახლეობის 50.3% ითვლება, როდესაც წინა მეთოდოლოგიით ეკონომიკურად აქტიურობის დონე 62.9% იყო.