მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე - ეკონომიკური პრობლემები, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს

6114ead5ea950
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 13:40
1019
უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე - საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ეს მთავარი 3 პრობლემა მოსახლეობამ NDI-ის კვლევის ფარგლებში დაასახელა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი კვლევის მონაწილეები პრობლემად კიდევ არაერთ საკითხს მიიჩნევენ.

აღსანიშნია, რომ კითხვაზე რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულებს სამი პასუხის საშუალება ჰქონდათ, შედეგად მათი კვლევაში ჩართული რესპონდენტების ნაწილი თვლის, სამი ძირითადი პრობლემის შემდეგ ეკონომიკას ლარის გაუფასურება, დაბალი ხელფასები, მაღალი გადასახადები, კორონავირუსი, საწვავზე მაღალი ფასები, ტურისტების ნაკლებობა, ჩაკეტილი საზღვრები და სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა აწუხებს. თუმცა არიან პირები რომლებიც პრობლემად სოფლის მეურნეობის საკითხებს და ადგილობრივი წარმოების ნაკლებობასაც ასახელებენ.

აღნიშნული საკითხები სოფლად და ქალაქად მაცხოვრებლებს თითქმის ერთნაირად აწუხებთ. თითქმის ანალოგიური პრიორიტეტულობით აყენებენ პრობლემებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებიც.

NDI-ში აღნიშნავენ, რომ საზოგადოების სურვილია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე გააკეთოს აქცენტი. „სამწუხაროდ, მოსახლეობას არ სჯერა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა პარლამენტის პრიორიტეტია; საზოგადოების ნახევარზე მეტი (55%) ამბობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს, ხოლო 54% ფიქრობს, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს“, - აღნიშნავენ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში.

ცნობისთვის: აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3 პროცენტია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.