მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა, როგორც უცვლელი პრობლემა - IRI-ის კვლევის ეკონომიკური ნაწილის მიმოხილვა

5ddd8427c5103
ირაკლი მაკალათია
27.11.19 12:30
7638
IRI-ის უახლესი კვლევა ჩატარდა 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, სადაც გამოიკითხა 18 წლისა და უფროსი ასაკის 1 500 ადამიანი, ხოლო ცდომილების ზღვარი შეადგენდა ±2.5%-ს. განვიხილავთ კვლევის ეკონომიკური ნაწილის შედეგებს.

ზოგადი შეფასებით, გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. საზოგადოების ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება, ცხადია, პირველ რიგში აისახება ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებზე, შესაბამისად, წლებია ყველა მნიშვნელოვან სოციოლოგიურ გამოკითხვაში, მთავარ პრობლემად სწორედ ეკონომიკური პრობლემები სახელდება.

კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში? გამოკითხულთა 53% ასახელებს უმუშევრობას, ცხოვრების ღირებულებასა და მაღალ ფასებს - 18%, სიღარიბეს - 6%. ჩამოთვლილი სამი მიმართულება ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას და უკვე წლებია ეს პრობლემები დგას ქვეყანაში.

კვლევის შედეგების განხილვისას უნდა გამოვყოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. მთავარ პრობლემად ცხოვრების ღირებულებასა და მაღალ ფასებს - გამოკითხულთა 18% ასახელებს, ხოლო ინფლაციას 1%-ზე ნაკლები. მოგეხსენებათ, ინფლაცია სწორედაც ფასების დონის ზრდას ნიშნავს, როცა საბაზო პერიოდთან შედარებით ვალუტის მყიდველუნარიანობა მცირდება. ეს კი შემდეგში იწვევს ცხოვრების ღირებულების ზრდასა და მაღალ ფასებს. აქედან გამომდინარე: საინტერესოა კვლევის ავტორებმა, რა პრინციპით შეარჩიეს ერთი და იმავე შინაარსის კითხვა ორ განსხვავებულ პოზიციად. მეორე საკითხია გამოკითხულთა დამოკიდებულება, ანუ საზოგადოება მოვლენებს აფასებს პირადი შეხედულებების, შეგრძნებებისა და იმ რეალობის მიხედვით, რა რეალობის წინაშეც თავად დგანან, ხოლო ოფიციალური მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებები თუ საერთაშორისო რეიტინგები საზოგადოების უმეტესობისათვის მეორეხარისხოვანია.

1. უმუშევრობა

ყველა ძირითად სოციოლოგიურ გამოკითხვაში უმუშევრობა მთავარ პრობლემად არის დასახელებული. კონკრეტულად IRI-ს კვლევაში, კითხვაზე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენს ქალაქში ან სოფელში, 32% სწორედ უმუშევრობას ასახელებს, მაშინ როცა მეორე ადგილზე დგას სასმელი წყლის პრობლემა - 9%, ხოლო მესამეზე - გზები - 7%. მომდევნო კითხვა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენი ოჯახისათვის. პირველ ადგილზე დგას უმუშევრობა (23%), მეორეზე - მცირე ხელფასები (10%), მესამეზე - სიღარიბე (9%).

ამ ყოველივეს შემდეგ, როცა საქსტატი უმუშევრობის ბევრად დაბალ სტატისტიკას აქვეყნებს, ვიდრე სოციოლოგიურ გამოკითხვებშია ნაჩვენები, ცხადია მოსახლეობას უკმაყოფილება და პროტესტის გრძნობა უჩნდება ოფიციალური მაჩვენებლების მიმართ.

NDI-ის ბოლო კვლევით (13 -29ივლისი, 2019) გამოკითხულთა 61% თავს დაუსაქმებლად თვლის, მაშინ როცა საქსტატის უახლესი მონაცემების მიხედვით, 2019 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონემ 11,1 % შეადგინა შეადგინა. მონაცემებს შორის ასეთი დიდი დიაპაზონი გამოწვეულია მეთოდოლოგიურ განსხვავებაში. NDI-ს გამოკითხულთა, შორის რომლებიც თავს არ თვლიან დასაქმებულად, მაგ; სტუდენტები, დიასახლისები, უმუშევარი რომელიც არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მიეკუთვნებიან ეკონომიკურად არააქტიურ სამუშაო ძალას. შესაბამისად ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა რომელიც სუბიექტური აზრის კვლევას ეხება, რადიკალურად განსხვავებულ შედეგს იძლევა ვიდრე ეს არის ოფიციალური სტატისტიკით მოცემული.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის 11,1% თავისი ეკონომიკური შინაარსით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ეს ვიზუალურად ჩანს. მოცემული მაჩვენებელი მიიღება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან და არა მთლიანი მოსახლეობიდან. კონკრეტულად, 15 წლის ასაკის მოსახლეობაში, რომლებიც არიან უმუშევრები და ეძებენ სამუშაოს (და არა ის უმუშევრები რომლებიც არ ეძებენ) და დასაქმებულები, რომელთა დიდი ნაწილი დაბალ ანაზღაურებაზე, მძიმე შრომის პირობებში, არასრული სამუშაო გრაფიკით და სეზონურ სამუშაოზე მუშაობენ, ამ კატეგორიის ადამიანების 11,1% არის უმუშევარი რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან თვითდასაქმებულთა კატეგორიაში ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე ადამიანების წილი დაახლოებით 40%-მდეა. აქედან გამომდინარე, შრომის ბაზრის მეტი ანალიზისათვის საჭიროა ფარული უმუშევრობისა და არასრული დასაქმების კვლევა.

რაც შეეხება 2019 წლის III კვარტალში შემცირებული უმუშევრობის მთავარ მიზეზს, გახლავთ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, რამაც გამოიწვია არამხოლოდ უმუშევრობის შემცირება, არამედ შემცირდა დასაქმების დონეც. კლება დაფიქსირდა, დასაქმებულთა კატეგორიებშიც. აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დონის შემცირება არ უკავშირდება რაიმე პოზიტიურ ცვლილებას ქვეყნის ეკონომიკაში და მხოლოდ მათემატიკური გამოთვლის შედეგად მიღებული მაჩვენებელია. ზოგადად, კი უმუშევრობის დონის შეფასების რეალური სურათი ჩანს საშუალო წლიურ მაჩვენებელში, სადაც აღარ ვრცელდება სეზონური გავლენები.



2. ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები

2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 6.9%. თუმცა ეს გახლავთ სამომხმარებლო კალათაში შემავალი 306 დასახელების პროდუქტების საშუალო ფასის ზრდა. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებისა და ინდივიდუალური პროდუქტების დონეზე, ანალიზისას აღმოვაჩენთ, რომ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე რადიკალურად მაღალია ფასების ზრდა ვიდრე ეს ჩანს გასაშუალებულ ინფლაციის მაჩვენებელში. ამასთან, როცა ინფლაციის მაჩვენებლები ქვეყნდება, ეს გულისხმობს გაზრდილ ფასებს, მოცემულ თვეს წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ხოლო მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, ის რომ დინამიკაში, ანუ წლების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება და ამით მცირდება ვალუტის მყიდველუნარიანობა. მაგ; 2017 წელს დაფიქსირდა მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი (6.7%), რაც გამოწვეული იყო აქციზზე გადასახადის განაკვეთის ზრდით. ხოლო, მომდევნო 2018 წელს, დაფიქსირდა ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი (1.5%), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ წინა წელს მკვეთრად გაძვირებული პროდუქტებთან შედარებით, წელს, ფასები მცირედით გაიზარდა, თუმცა დინამიკაში პროდუქტების ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ყველაზე მეტად მოხმარებად პროდუქტებზე, განსაკუთრებით ეს ეხება სურსათის ჯგუფს, რაზეც საშუალო სტატისტიკური ადამიანი მთლიანი ხარჯის ¼-ს ხარჯავს, ეს მაჩვენებელი კი იზრდება დაბალ სოციალურ ჯგუფების მიმართ, სადაც სურსათზე და ჯანდაცვის ჯგუფზე გაწეული ხარჯები განსაკუთრებით მაღალია მთლიან ხარჯებში.

მაღალი ფასების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: 1. არ გვაქვს განვითარებული ადგილობრივი წარმოება, ყოველი შემცირებული წარმოების, ან გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ვიღებთ ფასების მატებას მთელ რიგ პროდუქტებზე და 2. ვალუტის დევალვაცია. რადგან ადგილობრივი ბაზარი იმპორტზე დამოკიდებულია (იმპორტის წილი 71%-ია სავაჭრო ბრუნვაში), შესაბამისად ეროვნული ვალუტის ყოველი გაუფასურება აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას. თუ განვიხილავთ ბოლო 5 წლის მაჩვენებლებს და საბაზისო წლად ავიღებთ 2015 წელს, მაშინ 2019 წელს 2015 წელთან შედარებით ინფლაცია იქნება შემდეგი:


რაც შეეხება ინდივიდუალური ინდექსებს, განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტზე ფასების ზრდა.



3. სიღარიბე

საქართველოში მთავარი პრობლემა შემოსავლების დაბალი დონე და სიღარიბეა. ოფიციალური სტატისტიკით 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მოსახლეობის 20.1% იყო. საქართველოში სიღარიბე დღემდე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებთან შედარებით თანამედროვე პერიოდში სიღარიბის დონის აბსოლუტური მნიშვნელობა შემცირებულია, ეს ცხოვრების დონის ზრდის არგუმენტად არ გამოდგება, ვინაიდან წლებთან ერთად მატულობს ცხოვრების ხარისხიც და მზარდია ადამიანთა მოთხოვნილებები, ის პროდუქტები (მაგ; მობილური ტელეფონი) რაც ძველ პერიოდში ფუფუნების საგნად იყო მიჩნეული, დღეს ყოველდღიური და პირველადი მოხმარების ნივთებია. ამიტომაც პერიოდულად უნდა მოხდეს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიური ცვლილებები, ისე რომ ზუსტად, იმ კონკრეტული პერიოდისა და ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურად ასახავდეს სიღარიბის ზღვარს. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს მოსახლეობის 5%-ს ჰქონდა დღიურად 1,9 დოლარზე ნაკლები შემოსავალი, მოსახლეობის 16,3%-ს 3.2 დოლარზე ნაკლები, ხოლო მოსახლეობის 43.6%-ს დღეში 5.5 დოლარზე ნაკლები. რაც ნიშნავს, რომ თვეში დაახლოებით 165 დოლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა 1 624 100 ადამიანს. სუბიექტური აზრის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, რადგან მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აღნიშნული სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს.