მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობის დაზღვევის შემოღება კონტრპროდუქტიული იქნება - ჭიაბერაშვილი

60d34f6cef46f
ელენე გოგბერაშვილი
24.06.21 00:30
1151
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს. დაზღვევის ახალი კომპონენტის შემოღება ახალი სოციალური კოდექსის ფარგლებში იგეგმება, რომლის დაწყების შესახებაც ოფიციალური პრეზენტაციით საზოგადოებას ორი დღის წინ ამცნეს.

პრეზენტაციაში ნათქვამი იყო, რომ კოდექსი მოიცავს სადაზღვევო რეფორმას და დაზღვევის ახალი კომპონენტების განხილვას, როგორიცაა სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების და დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევა.

სპეციალისტების ნაწილისთვის სოციალური კოდექსით გათვალისწინებული ახალი სავალდებულო სადაზღვევო მექანიზმის შემოღება პრინციპულად მიუღებელია. ჯანდაცვის სპეციალისტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ უმუშევრობის დაზღვევის ინიციატივა ქვეყნისთვის კონტრპროდუქტიული იქნება.

„2006 წლიდან საქართველოში მოქმედებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა და უკვე 2010-იან წლებში მსოფლიო ბანკის რამდენიმე საერთაშორისო კვლევამ შეაფასა, რამ გამოიწვია საქართველოში სიღარიბის კლება 2000 წლიდან დღემდე და ამ კვლევამ აჩვენა, რომ თავის დროზე მიზნობრივი სოციალური დახმარების შემოღება იყო განმსაზღვრელი ფაქტორი 2006 წლიდან 2010 წლამდე სიღარიბის კლებისა საქართველოში.

2010 წლიდან 2014 წლამდე პირველ ადგილზე გადმოინაცვლა ეკონომიკურმა ზრდამ. მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა განაპირობებს სიღარიბის შემცირებას, როცა 2015 წლიდან შებრუნდა ეს ტენდენცია და სამწუხაროდ სიღარიბეში არსებული პარამეტრები ქვეყანამ ვერ შეინარჩუნა, რადგან არ იყო ეკონომიკური ზრდა, არ იყო სამუშაო ადგილების შექმნა და არსებული სოციალური ხარჯი ვერ აუვიდა სიღარიბის დაძლევას, რომელიც გაიზარდა ქვეყანაში ფასების მატებასთან ერთად.

განვლილი 15 წლის გაკვეთილი კარგი მაგალითია, რომ ყველაზე მთავარი, თუ გვინდა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ადამიანებს უჩნდებათ შემოსავალი, რომ ისინი არ იყვნენ სახელმწიფოს ხელის შემყურე და ამ თვალსაზრისით იდეა, რომ ახლა შემოვიღოთ სავალდებულო უმუშევრობის დაზღვევა, რომ ამით უშველი ქვეყანაში ეკონომიკურ ან სოციალურ მდგომარეობას, ეს სრულად გაუმართლებელია და კონტრპროდუქტიული იქნება. ეს არ შეუწყობს ხელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, პირიქით შეფერხდება ეკონომიკური ზრდა და შედეგად მეტი ადამიანი გახდება დასახმარებელი.

ეს მარქსისტული იდეები, რაც მრავლადაა საქართველოს მთავრობაში არის ის, რაც ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, რის გამოც 2014 წლიდან კი არ მივდივართ სიღარიბის შემცირებისკენ, არამედ ტენდენცია შებრუნდა. ვფიქრობ, მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური კოდექსი მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა ან არ ეცნობა საერთოდ მსოფლიო ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის, სავალუტო ფონდის ჩატარებულ კვლევებს, არამედ ან ეცნობა და სამწუხაროდ სათანადო აზრი ვერ გამოაქვს.

რაც არ უნდა მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ფეხი ვერ აუწყონ ზრდას და სჭირდებოდეთ მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომელიც 2006 წლიდან ამოქმედდა. ეს უნდა შენარჩუნდეს, შეიძლება მოდიფიკაციები დასჭირდეს, მაგრამ პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის უმუშევრობის შემწეობის შემოღება, რომელიც კონტრპროდუქტიული იქნება როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსების განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. მათ შორის დაზღვევა ფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე დამსაქმებლების და დასაქმებულების შენატანებიდან. ხშირად დაფინანსება სამივე მხარის მიერ ხდება, როგორც ეს საპენსიო შენატანების შემთხვევაშია.

„ჩვენი დროის მარქსისტები არ ითვალისწინებენ იმას, რომ როდესაც მსგავსი ტიპის პროგრამები არსებობს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის პროგრამები არ იყო მაშინ, როცა ეს ქვეყნები თავისი ეკონომიკური განვითარების დონით საქართველოს დონეზე იყვნენ. ამ ტიპის პროგრამები არ არსებობდა და ამ ქვეყნებში ძალიან დაბალი იყო წნეხი ეკონომიკაზე როგორც საგადასახადო, ისე სარეგულაციო და ამან საშუალება მისცა ამ ქვეყნებს გაზრდილიყვნენ და განვითარებულიყვნენ და რის შემდეგადაც შეძლეს ფინანსურად ბიუჯეტიდან სხვადასხვა ამ ტიპის პროგრამების განხორციელება, მაგრამ სადაც ამ პროგრამების ეფექტიანობა იზომება, ის მაღალი არ არის.

ეკონომიკის განვითარების დონე ასეთ ქვეყნებში ასეთ წნეხს წევს, საქართველოში დამატებითი გადასახადი ამას ვერ გაუძლებს. ან დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს ან სახელმწიფომ. სახელმწიფო ბიუჯეტი კი ეყრდნობა გადასახადებს, ეს ყველაფერი ამოდის მოქალაქეების ჯიბიდან. ჩვენი ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე ამას ვერ გაუძლებს. კიდევ უფრო გავღარიბდებით და შეუძლებელია ამ იდეას რაიმე მომავალი ჰქონდეს. თუ ექნება განვითარება დამერწმუნეთ, 2030 წლისთვის საქართველო იმაზე ღარიბი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა ვართ“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.