27.თებერვალი .2020 15:13

უმუშევრობის დონე საქართველოში - რიცხვები და რეალობა

views 776
უკან

2019 წელს უმუშევრობის დონემ საქართველოში 11.6% შეადგინა, რაც ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უმუშევრობა საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემაა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყველა ძირითად სოციოლოგიურ გამოკითხვაში უმუშევრობა მთავარ პრობლემად არის დასახელებული. ამასთან, სოციოლოგიური გამოკითხვით მიღებული შედეგები (მიიჩნევთ თუ არა თავს დასაქმებულად) როგორც წესი, რამდენჯერმე აღემატება  უმუშევრობის ოფიციალურ მაჩვენებელს. ამდენად, საინტერესოა რამდენად ასახავს ის რეალობას და როგორია მისი ეკონომიკური შინაარსი.



სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები და ოფიციალური მაჩვენებლები

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ყოველთვის მეტია, ვიდრე - ოფიციალური მაჩვენებლები, რადგან სუბიექტური აღქმა ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე მეთოდოლოგიურ საფუძველზე გაანგარიშებული მაჩვენებელი, რადგან ადამიანებს უფრო მეტის მოლოდინი და განცდა აქვთ ვიდრე ეს გარკვეული მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მაჩვენებლის სიდიდეა. ამასთან, სუბიექტური შეფასებისგან განსხვავებით ოფიციალური მაჩვენებლები ეფუძნება გამოთვლის გარკვეულ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც ადამიანი შეიძლება დასაქმებულად ჩაითვალოს ან სულაც ეკონომიკურად არააქტიურის სტატუსი მიენიჭოს, მიუხედავად იმისა, თავად თვლის თუ არა იგი საკუთარ თავს დასაქმებულად.

უმუშევრობის დონის შეფასება

უმუშევრობის დონე გამოითვლება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით. უმუშევარი არის 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში არ მუშაობდა ერთი საათითაც კი, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში. უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის (მხოლოდ ის უმუშევრები რომლებიც ეძებენ სამსახურს და მზად არიან სამსახურის დასაწყებად) შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან (დასაქმებულებს + უმუშევრები).

დასაქმებულია 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათი მაინც, შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით ან ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის სხვა წევრებს.

აქედან გამომდინარე, უმუშევრად ითვლებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ეძებენ და მზად არიან სამსახურის დასაწყებად, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც გამოსაკვლევ პერიოდში არ ეძებენ და შესაბამისად, მზად არ არიან სამსახურის დასაწყებად, ასევე ის ადამიანები, რომლებიც მართალია ეძებენ (4 კვირის განმავლობაში), მაგრამ სამუშაოს მოძებნის შემთხვევაში არ იყვნენ მზად მუშაობის დასაწყებად (მომდევნო 2 კვირის განმავლობაში), ასეთი ადამიანები ეკონომიკურად არააქტიურებს მიეკუთვნებიან.

ანუ ადამიანი რომელიც მართალია არ მუშაობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის არ ეძებდა სამსახურს, ან გარკვეული მიზეზებით მზად არ იყო სამსახურის დასაწყებად არააქტიურ კატეგორიას მიეკუთვნება. ან თვითდასაქმებული ადამიანი, რომელიც მართალია შემოსავალს არ იღებს, თუმცა ის მაინც მეთოდოლოგიურად დასაქმებულად ითვლება. აქედან გამომდინარე სუბიექტური აღქმით უმუშევრობის დონე ყოველთვის მაღალი იქნება ვიდრე ოფიციალური მაჩვენებლები.

დაქირავებულები და თვითდასაქმებულები

დასაქმებულები იყოფიან ორ დიდ კატეგორიად, დაქირავებულები და თვითდასაქმებულები. დაქირავებულია 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. თვითდასაქმებულია პირი, რომელიც ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საანგარიშო პერიოდში, მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი. თვითდასაქმებულთა კატეგორია თავის მხრივ კიდევ იყოფა სამ კატეგორიად: დამქირავებლები, ინდივიდუალურად მომუშავეები და ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავეები. სწორედ ეს ბოლო კატეგორია იწვევს თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. ოჯახურ მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე წევრები, რომლებიც თვითდასაქმებულთა უმრავლესობას წარმოადგენენ, რეალურად არ არიან დასაქმებულები. ეს ნაწილი სამუშაოს არ ქონის გამო იძულებულია დაბალი ანაზღაურებით, ან სულაც ანაზღაურების გარეშე იმუშაოს და დაეხმაროს ოჯახს. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, რომელთა უმრავლესობასაც ძირითადად სოფლის მეურნეობაში საქმიანობის შესაძლებლობა აქვთ.

უმუშევრობის 11.6% დონე თავისი ეკონომიკური შინაარსით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ეს ვიზუალურად ჩანს უმუშევრობის 11.6% ნიშნავს, რომ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში, ანუ 15 წლისა და უფროსი ასაკის უმუშევრებსა (რომლებიც ეძებენ და მზად არიან დაიწყონ მუშაობა) და დასაქმებულებში 11.6% არის უმუშევარი. ამასთან თუ გავითვალისწინებთ დასაქმების პრობლემებს ქვეყანაში, დასაქმებულები რომლებიც წლის განმავლობაში მუშაობენ პერიოდულად და მოკლებულნი არიან სტაბილურ დასაქმებას, დასაქმებულთა ნაწილი რომელთაც დაბალი ანაზღაურება და მძიმე შრომის პირობები აქვთ, ხოლო ამ კატეგორიის მოსახლეობაში როცა 11.6% არის უმუშევარი, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან უმუშევრობის მხოლოდ ერთი მაჩვენებლით შეუძლებელია შრომის ბაზრის სრული დახასიათება და საჭიროა დამატებით ,,ფარული უმუშევრობისა’’ და ,,არასრული დასაქმების’’ შესწავლა.



2019 წელს უმუშევართა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირება და უმუშევრების გადასვლა ეკონომიკურად არააქტიურ ნაწილში. დადებითი ტენდენცია იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ უმუშევრობის კლება მოხდება დასაქმების დონის ზრდის გამო, თუმცა, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით შემცირდა უმუშევართა რაოდენობა და ამავე დროს შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც. დასაქმებულთა კატეგორიაში აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულები (რომელთაც ოფიციალურად ერიცხებათ ხელფასი) შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა კლება დააკომპენსირა თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ. შედეგად თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში გაიზარდა 49.2%-დან 49.7%-მდე. რეალურად უმუშევრობის დონის კლება მხოლოდ ციფრებში გამოიხატა და კლება გამოწვეული იყო უფრო მეტად მათემატიკური მოქმედებების შედეგად ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის მიხედვით

უმუშევრობის დონე სოფელში ბევრად ნაკლებია ვიდრე ქალაქში, თუმცა სიღარიბის დონე სოფელში უფრო მეტია ვიდრე ქალაქში, რაც ერთი შეხედვით ამ მონაცემებს შორის შეუსაბამობას ქმნის. იქ, სადაც უმუშევრობის დონე დაბალია, სიღარიბის პრობლემაც არ უნდა იდგეს მწვავედ, თუმცა ჩვენს შემთხვევაში საპირისპირო სურათს ვიღებთ. აღნიშნული ძალიან მარტივად აიხსნება იმით, რომ სოფლად დასაქმებულთა 73%-ს თვითდასაქმებულები შეადგენენ, რომლებიც მეტ წილად ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში დამხმარეებს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დაბალი დონე სოფლად საერთოდაც არ ნიშნავს მაღალ ეკონომიკურ კეთილდღეობას, პირიქით თუ ავიღებ სოფლად თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავლებს ვნახავთ, რომ მთლიან შემოსავლებში მას მხოლოდ 7,0% უჭირავს, ხოლო სოფლად პენსიებისა და დახმარებებიდან მიღებული შემოსავლებიც და საჩუქრად მიღებული ფულიც კი უფრო მეტია, ვიდრე თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები.






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა