მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UN Women: “აგროტურიზმის კანონპროექტი” “ტურიზმის შესახებ” კანონპროექტს არ ეწინააღმდეგება

6022b2e0bedd1
სალომე მეცხვარიშვილი
10.02.21 19:33
1209

“აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი” არ ეწინააღმდეგება “ტურიზმის შესახებ” კანონპროექტის პირველად ვერსიას" - ამის შესახებ bm.ge-ისთან გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი აცხადებს. 

მისი შეფასებით, “აგროტურიზმის შესახებ” კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარალელურად მუშაობდნენ ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე, ამიტომ ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაშია. 

საქმე ისაა, რომ “აგროტურიზმის შესახებ” კანონის პროექტი, რომელიც “საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ” და “გაეროს ქალთა ორგანიზაციამ” მოამზადეს და წინა მოწვევის პარლამენტმა მისი განხილვა დაიწყო, მაგრამ 8 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პროცესი შეაჩერა. კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, პარალელურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს “ტურიზმის შესახებ კანონზე”, რომელიც აგროტურიზმსაც მოიცავს, ამიტომ დამოუკიდებლად აგროტურიზმის შესახებ კანონის განხილვა საჭირო აღარ არის.

“არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ტურიზის სექტორში არიან აქტიურად ჩართულები, ასევე იყვნენ ჩართული ტურიზმის შესახებ კანონის შემუშავებაში და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დასინქრონებული ყოფილიყო. თუ ამ პერიოდში მოხდებოდა “ტურიზმის შესახებ” კანონის მიღება, ეს არ გამოიწვევდა “აგროტურიზმის შესახებ” კანონის შეჩერებას ან შეფერხებას”, - აცხადებს ანა ფაშალიშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას მათ შეისწავლეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და “აგროტურიზმის შესახებ” კანონი ზოგიერთ შემთხვევაში “ტურიზმის შესახებ” კანონის ნაწილია, ზოგ შემთხვევაში - დამოუკიდებელი დოკუმენტი.

“აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2019 წელს. ეს იყო სასწავლო ვიზიტი იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, სადაც ვნახეთ ტოსკანას მოდელი, თუ როგორ ეხმარებოდა ადგილობრივი მთავრობა მეწარმეებს, რომ სოფლის მეურნეობის და ტურიზმის დივერსიფიკაცია გაეკეთებინათ და აგროტურიზმი, როგორც დარგი, განევითარებინათ; როცა ჩამოვედით, შევხედეთ საქართველოს რეალობას, სტატისტიკურ მონაცემებს, ავიყვანეთ იურიდიული კომპანია. ასევე, გავაკეთეთ ევროპის სხვა ქვეყნების აგროტურიზმის კანონმდებლობის ანალიზი ანუ ეს კანონპროექტი არის ჰიბრიდული მოდელი და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებას ეყრდნობა. 

გავიარეთ კონსულტაციები კერძო სექტორთან იმ მცირე მეწარმეებთან, რომლებიც პოტენციურად იქნებიან ამ კანონით და შეღავათებით მოსარგებლე პირები. გავიარეთ კონსულტაცია არასამთავრობო სექტორთან და მთავრობის წარმომადგენლებთან, ყველა სამინისტროსთან, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა შეხება ამ კანონპროექტთან. მომზადდა რეგულირების გავლენის შეფასება. დადგინდა, რომ აგროტურისტული ობიექტებისთვისაც სარგებლიანი იყო კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ მათ სტატუსის მისაღებად გარკვეული ხარჯების გაღება მოუხდებოდათ”, - აცხადებს ანა ფაშალიშვილი.

აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, აგროტურიზმის სტატუსის მქონე ობიექტები, რომლებსაც წლიურად 200 ათას ლარამდე შემოსავალი ექნებოდათ, გათავისუფლდებოდნენ მოგების, საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან. 

მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ პროექტი 2020 წლის სექტემბერში დააინიცირა. კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებდა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევა იყო. მაშინ ინიციატორი კანონის 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებას ითხოვდა.