მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა დაეწესებინა თუ არა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები? - "გორბის" კითხვა

62a76d8b90dca
თამთა ჯიჯავაძე
13.06.22 21:03
1601
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომელიც „გორბს“ დაუკვეთა. კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე - „ოპოზიციის ნაწილი სთხოვს "ოცნების" ლიდერებს სანქციები დაუწესოს რუსეთს, ეთანხმებით?“ - გამოკითხულთა 66.2% ამბობს, რომ არ ეთანხმება, ხოლო 28.9% ამბობს, რომ ეთანხმება, დარჩენილმა 4.9%-მა კი პასუხი „არ ვიცი“ დააფიქსირა.

მსგავსი ფორმულირებით „გორბის“ კვლევაში მეორე კითხვაც დაისვა. კერძოდ, კითხვაზე - „ქართული ოცნების მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. ეთანხმებით თუ არა ამ ნაბიჯს?“ - გამოკითხულთა 69.8% ამბობს, რომ ეთანხმება, 27.1% ამბობს, რომ არ ეთანხმება, ხოლო დანარჩენმა 3.1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო არ აპირებს ინდივიდუალური სანქციების რუსეთის წინააღმდეგ დაწესებას, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციების ნაწილია. მაგალითად, როგორც გასულ კვირას, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ინდივიდუალური სანქციების დაწესების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველომ მეტი ეკონომიკური ზიანი მიიღოს, ვიდრე სანქცირებულმა ქვეყანამ.

„იყო გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, საქართველო არის თუ არა სანქციების ნაწილი. რა თქმა უნდა, საქართველო არის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ნაწილი და ამას დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს, თუმცა ინდივიდუალურ, დამატებით სანქციებს საქართველო არ აწესებს. თუ საქართველო ინდივიდუალურ სანქციებს შემოიღებს, შეიძლება ჩვენთვის ზიანი მეტი იყოს, ვიდრე სანქცირებული ქვეყნის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა. კერძოდ, 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 ადამიანი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3%-ს.