მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა განხორციელდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები - ხუციშვილი

61b9c6120da62
ინგა მურუსიძე
15.12.21 14:47
477
პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პანდემიის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანამ დაკარგა ეკონომიკური ზრდა 7%-ის ოდენობით. მისივე თქმით, ქვეყანამ დიდი მოცულობის შემოსავლები დაკარგა ასევე, ტურიზმიდან, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ჯამში, 10,3%-ით გაუარესდა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გავლენის შესამცირებლად საჭირო გახდა ფისკალური დეფიციტის გაზრდა, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო პარტნიორებიდან მოზიდული ფინანსური რესურსებით.

„ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე. დღეს, როდესაც ეკონომიკამ უკვე აღდგენა დაიწყო, ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს. ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე ჩვენი ვალდებულებაა, განვითარებისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ კერძო სექტორს, რისთვისაც აუცილებელია მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში, ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევამციროთ ფისკალური დეფიციტი, იმისათვის, რომ არ შევზღუდოთ კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი და მეორე - უნდა განხორციელდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

რეფორმებზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად მიმართულებაზე, ესაა: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმები და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება. საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მან დაასახელა ისეთი რეფორმები, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა, მთავრობის ვალის მართვა, საგადასახადო შეღავათების გადახედვა და მათი ეფექტიანობის ზრდა, ეფექტიანი ბიუროკრატია.

ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას ლაშა ხუციშვილმა დაასახელა ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო რეფორმა, საგადასახადო დავების რეფორმა, ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრირება, რომელიც დაფუძნებული იქნება მარტივ და სამართლიან მიდგომაზე, კაპიტალის ბაზრის რეფორმა საპენსიო სისტემის მესამე სვეტი.