მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა გვქონდეს დახმარების მკაფიო გეგმა ქართული ავიაკომპანიებისთვის"

5eb922db18e15
სალომე მეცხვარიშვილი
11.05.20 20:20
1236
გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალებული ტურიზმის პოსტკრიზისული დახმარების გეგმა წარადგინა. ხელისუფლების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არაფერი იყო ნათქვამი ავიაციაზე. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მხოლოდ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან და განიხილება მათ შორის ქართული “აირზენასთვის” გარკვეული მხარდაჭერის პაკეტის შემუშავება. თუმცა, დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

ქართული საავიაციო კომპანია “აერო ჯორჯია ჯგუფის” დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ საჭიროა, მკაფიო გეგმა როგორც ავიაციის სექტორისთვის, ასევე უშუალოდ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომ ისინი 1 ივლისს, როცა საზღვრები გაიხსნება, მომზადებული შეხვდნენ.

“უნდა გვქონდეს მკაფიო გეგმა ქართული ავიაკომპანიებისთვის”,- ამბობს იგორ აფციაური და აცხადებს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე უცხოური ავიაკომპანიის გეგმების შესახებ არის ცნობილი, რომლებსაც თავიანთი ქვეყნები დაეხმარნენ, შესაბამისად, მომზადებულები ხვდებიან საზღვრების ეტაპობრივ გახსნას.

“ძალიან მისასალმებელია, რომ 1 ივლისიდან იხსნება საქართველოს საზღვრები და ჩვენი ქვეყანა მიიღებს ტურისტებს. ამასთან ერთად უნდა იყოს ძალიან მკვეთრი გეგმა, განსაკუთრებით ავიაკომპანიებისთვის, პირველ რიგში მათთვის, რომლებიც საქართველოში არიან დარეგისტრირებული. ეს კომპანიები ხომ უნდა მივიდნენ 1 ივლისამდე? ამ სფეროში ყველა რთულ მდგომარეობაშია - ტუროპერატორები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, აეროპორტები და ა.შ. მათ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რადგან მხოლოდ ერთი სფერო ტურისტის მიღებას ვერ შეძლებს. მე, როგორც ავიაციის ექსპერტს, მინდა, რომ უფრო მკვეთრი გეგმა დაიდოს პირველ რიგში ქართული ავიაკომპანიებისთვის. მოგეხსენებათ, ავიაციასა და ტურიზმში ასე 2-3 დღეში არაფერი ხდება, ამისთვის საჭიროა თვეები. თუ გვინდა, რომ ტურისტების შემოყვანა დაიწყოს ქვეყანაში, უკვე უნდა ვიცოდეთ კონკრეტული გეგმა, რათა ავიაკომპანიები არ გაჩერდნენ და მიაღწიონ ამ თარიღამდე”,- აცხადებს იგორ აფციაური.

მისი თქმით, ქართული ავიაკომპანიებისა და სახელმწიფოს ურთიერთობა რეგულირდება ევრორეგულაციებით, რომელიც უკვე დანერგილია.

“ევროკომისამ უკვე შეიმუშავა დროებითი რეგულაცია პანდემიის პირობებში, სადაც ძალიან კარგად არის გაწერლი, თუ როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ავიაკომპანიებს, რომ არ იყოს მხოლოდ ერთ ავიაკომპანიაზე ან ტუროპერატორზე მორგებული დახმარება. თუ იქნება დახმარება ის უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და აუცილებელია მოხდეს მათი მონიტორინგი.

პირველ რიგში ავიაკომპანიამ თავისი ფინანსური მაჩვენებლები უნდა გაასაჯაროვოს, სახელმწიფომ ზუსტად უნდა იცოდეს რა ფინანსურ მდგომარეობაშია ავიკომპანია და სად სჭირდება დახმარება. ერთი ფორმულა არ არსებობს - ზოგს ერთი ტიპის დახმარება სჭირდება, ზოგს - მეორე, ამიტომ მათი დახმარება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. ამის შემდეგ უნდა დაიდოს 6-დან 12- თვემდე “რესტარტის” გეგმა. შემდეგ ეს გეგმა უნდა წარადგინონ ეკონომიკის სამინისტროში, უნდა შეისწავლონ და შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ექვემდებარება თუ არა ეს ავიაკომპანია დახმარებას და თუ კი, რა სახის. დახმარება შეიძლება იყოს რამდენიმე სახის, ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ფულადი დახმარება, ან საბანკო სესხის უზრუნველყოფა ან შეიძლება იყოს ხელფასების დაფარვა თანამშრომლებისთვის და ა.შ.”- აცხადებს იგორ აფციაური.