მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ან იმუნიზაციის მოთხოვნას გაზრდის, ან ტესტირებების რაოდენობას - გოცაძე

60ec25fa10a40
ინგა მურუსიძე
12.07.21 20:25
655
საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტი, გიორგი გოცაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის კუთხით, უნდა არსებობდეს ვალდებულების საკითხი, რაც ერთი მხრივ ტესტირებას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ - აცრას.

განცხადება გოცაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვირუსის გამოვლენის ჯაჭვი, რომ გავრცელება აღარ მოხდეს.

„სამედიცინო უნივერსიტეტმა მოითხოვა, რომ ლექციაზე დასასწრებად, ორჯერადად უნდა იყო აცრილი. ამ მოთხოვნის გაფართოება შესაძლოა იყოს უფრო სახელმწიფოებრივი. სახელმწიფომ უნდა შექმნას ვალდებულებითი მექანიზმი, რომელიც ან იმუნიზაციის მოთხოვნას გაზრდის, ან ტესტირებების რაოდენობას.

ეს ტვირთი მძიმე იქნება იმისთვის, ვინც ტესტირების გზას აირჩევს, მაგრამ თუ გვინდა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეთ, რაღაცა გზა უნდა ავირჩიოთ. სრული თავისუფლება აღარ იქნება სწორი და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, რაღაც ნაწილში ეს თავისუფლება შევზღუდოთ“, - განაცხადა გოცაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც ასეთი წესია - ყველა დასაქმებული აცრილი უნდა იყოს, ხოლო ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია ყოველ კვირაში ტესტირება ჩაიტაროს. გოცაძის განმარტებით, ეს მიდგომა მისაღებია, რადგან მოქალაქეების ნაწილი, თუნდაც ფინანსური ინტერესების გამო, უფასო აცრას იტარებს.

გარდა ამისა, გოცაძე საუბრობს მთელი ჯაჭვის ამოქმედებაზე, რაც არის ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გამოვლენა და მისი აღკვეთა.

„უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომ ან მოსახლეობაში გაიზარდოს იმუნიზაციის მოთხოვნა, ან თავი უნდა დაიცვან და გაიკეთონ ტესტირება“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რამდენად აქვს სახელმწიფოს ამის რესურსი, გოცაძე პასუხობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ქვეყანაში საკმარისი ტესტები და ვაქცინები იყოს.