01.ოქტომბერი .2022 11:40

UNDP-სა და იაპონიის ხელშეწყობით მცხეთის მუნიციპალიტეტში ტყის მდგრადი მართვის მოდელი დაინერგება

UNDP-სა და იაპონიის ხელშეწყობით მცხეთის მუნიციპალიტეტში ტყის მდგრადი მართვის მოდელი დაინერგება
views 398
უკან

UNDP-სა და იაპონიის ხელშეწყობით მცხეთის მუნიციპალიტეტში ტყის მდგრადი მართვის მოდელი დაინერგება - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში იმამურა აკირას და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში ანნა ჩერნიშოვას შეხვდა, სადაც საქართველოს ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იაპონიის მთავრობისგან მიღებული 920 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება, UNDP-ის ხელშეწყობით საქმიანი ეზოების შექმნასა და გამართვას მოხმარდება.

მიმდინარე კვირას, UNDP-სა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ჩამოსულმა იაპონელმა ექსპერტებმა, ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, საქმიანი ეზო ბოდორნაში, ასევე, სატყეო უბნები მცხეთის მუნიციპალიტეტში მოინახულეს, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს და შეხვედრის ფარგლებში წარმოადგინეს.

ოთარ შამუგიამ იაპონიის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესში ფინანსური მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მასშტაბური სატყეო რეფორმის ფარგლებში, ახალი პროექტი დაგვეხმარება, მცხეთის მუნიციპალიტეტში შევძლოთ მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბება და ტყეების მართვა მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში აღნიშნა, რომ ტყის მდგრადი მართვის მოდელი მომავალში მთელ საქართველოზე გავრცელდება.
„ჩვენი პროექტის შედეგად, რომელსაც იაპონიის მთავრობასთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ, 43,000 ადამიანი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ ხე-ტყეს ყოველდღიური მოხმარებისთვის. ტყის მდგრადი მართვის მოდელი მცხეთის მუნიციპალიტეტში დაინერგება, ხოლო მომავალში, საქართველოს ყველა რეგიონზე გავრცელდება“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

იაპონიის სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში კი აღნიშნა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, იაპონიის ტყის რესურსები სამჯერ გაიზარდა და ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის ორ მესამედზე გავრცელდა. ტყეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ეროვნული გეგმის განხორციელებაში, რომლის მიხედვით, 2050 წლისთვის იაპონიამ ნახშირბად ნეიტრალურობას უნდა მიაღწიოს.

„მოხარულები ვართ ეს გამოცდილება და შესაბამისი პრაქტიკა საქართველოს გავუზიაროთ და ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღებას“, - აღნიშნა იმამურა აკირამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა