მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის შემთხვევები, როცა კლინიკა ფინანსური ინტერესის გამო, ოპერაციებზე უარს ამბობს - მინისტრი სექტორს აფრთხილებს

63aaf264d60b0
ინგა მურუსიძე
27.12.22 17:42
585
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა კლინიკა პირადი ფინანსური ინტერესის გამო, მძიმე პაციენტების მიღებასა და ოპერაციებზე ამბობს უარს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე - DGR-სისტემაზე საუბრისას განმარტავს, გამოიკვეთა საჭიროება, რომ მონიტორინგი მეტად გამკაცრდეს.

„ნოემბრის დასაწყისში, როცა DRG-პროგრამა დაიწყო, 2-თვიანი საპილოტე პერიოდი გამოვაცხადეთ. ორი თვის განმავლობაში აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაფასებთ ახალ სისტემას. სამწუხაროდ, იკვეთება ტენდენცია, როცა ცდილობენ სხვადასხვა ჩარევების ხელოვნურად დამატებას ფასის გაზრდის მიზნით, მაგრამ მინდა ყველა მსგავსმა კლინიკამ, თუ მათმა დამფუძნებლებმა და მენეჯმენტმა იცოდნენ, რომ ჩვენ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ. ისინი მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას, ანუ იმას, რაც ეკუთვნოდათ ამ სისტემით გაწეული მომსახურებიდან. არანაირად, არც ერთ შემთხვევაში არ მოვახდენთ ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხების გადახდას მათთვის. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ბევრია და მოგვიწევს სხვადასხვა პროცესის გადახედვა, რომელიც უფრო მეტი მონიტორინგის და კონტროლის შესაძლებლობას მოგვცემს, რადგანაც ამ პერიოდში, სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა პირადი ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე პაციენტების მიღებაზე, მომსახურებაზე, ზოგჯერ ოპერაციებზე თქვეს უარი, რაც მიუღებელია“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ხელი უნდა შეუწყოს სისტემაში არსებულმა ყველა სუბიექტმა, რომ მოქალაქეებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

BMG-ს კითხვაზე, ფასები ხომ არ არის ზედმეტად დაბალი, აზარაშვილი პასუხობს, რომ ეს ასე არაა და ფასები იმ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომელიც დღესაც მუშაობს ყველა ქვეყანაში.

„ჩვენ არ გვქონდა იმის ილუზია, რომ ყველანაირ რისკებს გადავაზღვევდით, ყველაფერი თავიდანვე მაქსიმალურად კარგად გვქონდა შეფასებული და იმ მინიმალურ ხარვეზებს, რაც გამოიკვეთა, ოპერატიულად ვასწორებთ, გავასწორებთ, მაგრამ საჭიროა სექტორის მხარდაჭერა, რომ პატიოსანი მიდგომით, ნაკლები პრობლემები შეგვიქმნან. ვგულისხმობ რამდენიმე კლინიკას და არა ყველას“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, რამდენიმე კლინიკაა, რომელმაც ნაწილობრივ უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობაზე, არცერთი კლინიკა სრულად არ გასულა საყოველთაო ჯანდაცვიდან და "ამან ერთი მხრივ, იდეაც და სწორი მინიშნებაც მოგვცა".

„თუ კლინიკა ერთვება საყოველთაო ჯანდაცვაში, შეუძლებელია, რომ პაციენტი მიდიოდეს და ზოგ სერვისზე თანახმა იყოს, გაუწიოს მომსახურება და ზოგ სერვისზე - არა. ამიტომ შესაბამისი წერილი და მითითება უკვე გაეგზავნათ კლინიკებს და იანვრის ბოლოს უკვე ყველა კლინიკამ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ან სრულად უნდა მიაწოდოს სერვისი პაციენტს, ან საერთოდ არ ჩაერთოს პროგრამაში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ სამართლიანი კონკურენცია შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, პირველი ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსების სისტემა შეცვალა და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ს, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაიყვანა. საქმე ის არის, რომ თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1-ელი ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება.