მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმიდან შემოსავლის 50%-იანი ვარდნა და 4%-იანი რეცესია - მთავრობის 3 სცენარი

5ef219f102ee1
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.20 10:15
1751
ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებული მაკროეკონომიკური სცენარები წარადგინა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანდართული დოკუმენტით სამი ალეტრანატიული სცენარი არის განხილული და ის ეკონომიკის განვითარების საბაზო, პესიმისტურ და ოპტიმისტურ ალტერნატივებს მოიცავს.

საბაზო სცენარის მიხედვით, სასაზღვრო შეზღუდვების გამო, წელს ტურიზმის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 50%-ით შემცირდება. შესაბამისად, კლება ამ მიმართულებით $1.65 მილიარდი დოლარი იქნება. პესიმისტური სცენარით კი ტურიზმის შემოსავლის შემცირება წელს 80% იქნება.

ეკონომიკის განვითარების 3 შესაძლო სცენარი:

საბაზო სცენარი:

მაკროეკონომიკური პროგნოზების ცვლილებაზე სამმა ძირითადმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. პირველი, და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ე.წ. „დიდი ლოქდაუნი“ მთელს მსოფლიოში, რაც საზღვრების ჩაკეტვითა და სამუშაო ძალის მიწოდების შეზღუდვით გამოიხატა. აღნიშნულმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა როგორც მოთხოვნის მიმართულებით - მომსახურების ექსპორტზე მოთხოვნის შემცირების სახით, ასევე, მიწოდებაზე, რაც გამოწვეულია მიწოდების ჯაჭვების რღვევითა და სამუშაო ძალის მიწოდების შეზღუდვით.

მეორე ფაქტორი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდის შემცირებაა, რამაც გააძლიერა პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვის შედეგად შემცირებული საგარეო მოთხოვნა. თუ პანდემიამ გავლენა იქონია ძირითადად მხოლოდ ტურიზმის ექსპორტზე, საგარეო მოთხოვნის შემცირება ასევე აისახა საქონლის ექსპორტზეც.

მესამე მნიშვნელოვანი არხი ნავთობის ფასების შემცირებაა. ნავთობის ფასების შემცირებას საქართველოს ეკონომიკაზე ორმაგი გავლენა აქვს. ერთი მხრივ, ის არის დადებითი მიწოდების შოკი, ხოლო მეორე მხრივ კი უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე, რაც უარყოფითი მოთხოვნის შოკს წარმოადგენს. ამგვარი შოკი მოკლევადიან პერიოდში გავლენას ვერ ახდენს წარმოებაზე და სუსტი ეფექტი აქვს 2-3 წლის განმავლობაში, ხოლო ფასებზე გავლენა მყისიერია, და როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან ფასებზე დაღმავალი ზეწოლა აქვს. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში სუსტი ნეგატიური გავლენა ჭარბობს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - პოზიტიურია.

ამ ეტაპზე ძალიან რთულია მსჯელობა, თუ რამდენად სწრაფად აღდგება მოთხოვნა ტურისტულ მომსახურებაზე, ვინაიდან მსოფლიოში პანდემია დამარცხებული ჯერ კიდევ არ არის და ერთი მხრივ გაურკვეველია საზღვრების გახსნის პერსპექტივები სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია თუ რა განწყობა ექნება საზოგადოებას მოგზაურობასთან დაკავშირებით. 

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწრაფად მოხდება საზღვრების გახსნა, ტურიზმზე მოთხოვნის აღდგენას გარკვეული დრო დაჭირდება და საბაზისო სცენარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 50 პროცენტით მცირდება, მომსახურების სხვა დარგების ექსპორტი და რეექსპორტი 10 პროცენტით მცირდება, ხოლო საქონლის ადგილობრივი ექსპორტი ჯამში უცვლელია წინა წელთან შედარებით, რაც გამოწვეულია საექსპორტო პროდუქტში ნედლეულის მაღალი წილით ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის შენარჩუნების ტენდენციით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ გამოყენებულია ანალოგიური დაშვებები ტურისტულ და არატურისტულ სფეროზე. ასევე, 10 პროცენტით მცირდება საქონლის იმპორტი, რასთანაც თანხვედრაშია იანვარ-მაისის მონაცემებიც.

გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გავლენას ახდენს პრაქტიკულად მთელს ეკონომიკაზე, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გზებით. გარდა კრიზისის რეალური ეფექტებისა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფისკალური ეფექტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო შეფასებებით კრიზისს დროებითი ხასიათი აქვს და სხვა სახის ეკონომიკურ კრიზისებთან ერთად გაცილებით სწრაფი აღდგენა მოჰყვება, გლობალური მოთხოვნისა და აქტივობის უეცარმა და სწრაფმა ვარდნამ შესაძლებელია ლიკვიდურობის რისკის ქვეშ დააყენოს ეკონომიკის ის ნაწილი, რომელთაც შედარებით მაღალი ფიქსირებული ხარჯები აქვთ. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მიუხედავად ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.6 პროცენტიანი ზრდისა, ფიქსირებული ხარჯების გამო, ბიზნესს არ დარჩება საკმარისი ლიკვიდობა გადასახდების გადასახდელად. ამის გათვალისწინებით, საბაზო სცენარი ეყრდნობა დაშვებას, რომ საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ მშპ-ზე ნელი ტემპით გაიზრდება (მოცემულ შემთხვევაში ნომინალური მშპ იზრდება, ხოლო გადასახადები მცირდება) და საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან თანაფარდობა 2019 წლის 22.8 პროცენტიდან 20.9 პროცენტამდე შემცირდება. აღნიშნული თანაფარდობა ეტაპობრივად აღდგება და დაუბრუნდება გრძელვადიან მაჩვენებელს.

საბაზო სცენარის დაშვებები საგარეო სექტორზე:

პანდემიასთან დაკავშირებული მოვლემები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე რეგიონში და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რაც პარალელრუად გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე სავაჭრო არხის მეშვებით. სსფ-ის აპრილის პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენს -7.1 პროცენტს, ხოლო 2021-ში კი 4.8 პროცენტს. აღნიშული შემცირება გამოწვეულია COVID-19 პანდემიის გამო ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვით, ინვესტიციებისა და ექსპორტის შემცირებით, რომელიც გამოწვეულია სავაჭრო პარტნიორების მოთხოვნის შემცირებით. ინფლაციის დონე 2020 წელს 0.6 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წელს 1.2 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი.

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2020 წელი რუსეთისთვის, რადგან კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ასევე უარყოფითად იმოქმედა ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებამ. შემცირდა ნავთობმოპოვების და გადამუშავების სექტორების გამოშვება, რამაც გაუარესებულ საგარეო მოთხოვნასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამცირა ექსპორტი. სსფ-ის შეფასებით, 2020 წლის ეკონომიკური ზრდა რუსეთში -5.5 პროცენტით განისაზღვრა, რაც 7.4 პპ-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021-ში კი მოსალოდნელია 3.5 პროცენტიანი ზრდა. ინფლაციის დონე 2020 წელს 3.1 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია 3.0 პროცენტია მოსალოდნელი. ნავთობის ფასის შემცირების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდება ნაერთი ბიუჯეტის ბალანსი, რომელიც სსფ-ის პროგნოზის მიხედვით 2020 წელს გაუტოლდება მშპ-ს -4.8 პროცენტს, ხოლო 2021 წელს გაუტოლდება -3 პროცენტს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან შემცირდება 2019 წელთან შედარებით 3.8 პროცენტიდან 0.7 პორცენტამდე 2020 წელს, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია 0.6 პროცენტი.

თურქეთისთვის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ინვესტიციების შემცირება და გაუარესებული სავაჭრო ბალანსი. ამის ფონზე, საგანგებო ვითარებამ და გლობალურმა პანდემიამ დამატებითი ზეწოლა მოახდინა თურქეთის ეკონომიკაზე. სსფ-ს პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა თურქეთში -5 პროცენტით განისაზღვრა, რაც 8 პპ-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021-ში კი 5 პროცენტი იქნება. თურქული ლირის გაუფასურება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე. სსფ-ის შეფასებით, 2020 და 2021 წლებში, ინფლაციის მოსალოდნელი მნიშვნელობა შეადგენს 12 პროცენტს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან შემცირდება 2019 წელთან შედარებით 1.1 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე 2020 წელს, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია -0.2 პროცენტი.

ნავთობის ფასის შემცირება და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა ასევე აისახება აზერბაიჯანის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. სსფ-ს შეფასებით, 2020 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდა -2.2 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წელს კი 0.7 პროცენტი. წლიური ინფლაცია 2020 წელს გაუტოლდება 3.3 პროცენტსს, ხოლო 2021 წელს - 3.2 პროცენტს. 2019 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდება ნაერთი ბიუჯეტის შეფარდება მშპ-თან, 8.4 პროცენტიდან -12,7 პროცენტამდე 2020 წელს, და გაუტოლდება -9.7 პროცენტს 2021 წელს. ასევე მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან შეფარდებაში, რომლის მნიშვნელობა 2019 წელს შეადგენდა 9.2 პროცენტს, ხოლო სსფ-ის შეფასებით 2020 წელს გაუტოლდება -8.2 პროცენტს, და 2021 წელს მიაღწევს -3.7 პროცენტს. პანდემიის ფონზე, შემცირებული ინვესტიციებისა და ექსპორტის გამო, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს განისაზღვრა -1.5 პროცენტის დონეზე, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია 4.8 პროცენტიანი ზრდა. სსფ-ის შეფასებით, წლიური ინფლაცია 2020 წელს გაუტოლდება 0.8 პროცენტს, ხოლო 2021 წელს - 2 პროცენტს. ბოლო პერიოდში შემცირებული ექსპორტისა და გაზრდილი იმპორტის ფონზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან სსფ-ს აპრილის პროგნოზის მიხედვით შეადგენს -8.6 პროცენტს, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია -7.2 პროცენტი.

პესიმისტური სცენარი

პესიმისტური სცენარი ეყრდნობა დაშვებას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მწვავედ შენარჩუნდება და მატერიალიზდება, ან მნიშვნელოვნად იდგება მეორე ტალღის წარმოქმნის რისკი, რის გამოც საჭირო გახდება მკაცრი რეჟიმის შენარჩუნება/შემდგომი გამკაცრება. სავაჭრო პარნიორი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზები ემთხვევა საბაზისო სცენარის პირობებს, მაგრამ გაცილებით მკაცრია საზღვრების ჩაკეტვის ხანგრძლივობა. შესაბამისად, წლის ჯამში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება. შემცირდება ასევე ტურისტული მომსახურების იმპორტი და ვაჭრობა 20-30 პროცენტით.

ვინაიდან პესიმისტური სცენარი უფრო მძიმე ეპიდმიოლოგიურ პირობებს ითვალისწინებს, არასწორი იქნებოდა დაშვება, რომ ასეთ პირობებში მიმდინარე ხარჯები უცვლელად შენარჩუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ეპიდემიოლოგიური სცენარის გარეშე ეპიდემიის შეკავებისათვის აუციელბელი ხარჯების წინასწარ შეფასება შეუძლებელია, მაკრო-ფისკალური სურათის უკეთ წარმოსადგენად, ჩვენ მიანც ვაკეთებთ დაშვებას მომდინარე ხარჯების გარკვეულწილად ზრდის შესახებ ეპიდემიასთან დაკავშირებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ წარმოადგენს რაიმე სახის წინასწარ მომზადებული პაკეტის აღწერას, არამედ კეთდება მხოლოდ და მხოლოდ პესიმისტური სცეანრის უკეთ წარმოსადგენად. პესიმისტური სცენარი ასახავს ერთგავრ სტრეს-ტესტს, იმ დაშვებით, რომ უფრო მძიმე ეკონომიკური რეცესიისა და ფისკალური ტვირთის პირობებში როგორი მაკრო-ფისკალური სცენარია მოსალოდნელი.

შემცირებული ნომინალური მშპ-ს ფონზე მცირდება საგადასახადო შემოსავლები. ნეგატიურ სცენარში გადასახადები საბაზისო სცენართან შედარებით 742, ხოლო წინა წელთან შედაებით 1,650 მლნ ლარით მცირდება. ვინაიდან ნეგატიური სცენარი ვირუსის ეპიდემიის გავრცელების უფრო მკაცრ დაშვებებს ეყრდნობა, დაახლოებით 1.5-ჯერ პროცენტით იზრდება ეპიდემიასთან ბრძოლისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი და, შედეგად, ფისკალური დეფიციტი საბაზისო სცენართან შედარებით 8.3-დან მშპ-ს 10.8 პროცენტამდე იზრდება, ხოლო მთავრობის მთლიანი ვალი 60 პროცენტიან ზღვარს უახლოვდება და მშპ-ს 59.7 პროცენტს აღწევს. ვალის ზრდაზე ასევე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის გაუფასურება, რომელიც ნეგატიურ სცენარში უფრო მაღალ დონეზეა მოსალოდნელი. შემდგომ წლებში ვალი დაღმავალ ტენდენციას შეიანრჩუნებს.

ოპტიმისტური სცენარი

2020 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ -16.6 პროცენტი შეადგენია, ხოლო პირველი 4 თვის საშუალო ზრდამ -3.6 პროცენტი. ამ წინაპირობის გათვალისწიენბით, ტურისტული სექტორის მოსალოდნელზე სწრაფი ზრდის შემთხვევაშიც კი, ოპტიმისტურ სცენარში მოსალოდნელია -2.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა.

ოპტიმისტური სცენარის მთავარი დაშვებაა, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება ლოკალიზებული ძირითადად ტურისტულ სექტორში და სხვა სეტორებზე ნაკლებ გავლენას მოახდენს. ასეთ შემთხვევაში, ლიკვიდობის პრობლემები ეკონომიკის გაცილებით ნაკლებ ნაწილს მოიცავს და შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლებიც უკეთ გამოიყურება. საბაზისო სცენართან შედარებით, 2020 წელს ოპტიმისტურ სცენარში საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან თანაფარდობა 1.1 პროცენტული პუნქტით მაღალია და 22.0 პროცენტს შეადგენს.

შედეგად, საგადასახადო შემოსავლები 776 მლნ ლარით აღემატება საბაზისო სცენარის პროგნოზს, რაც მიედინება ფისკალური ბუფერების გასაძლიერებლად და მოხმარდება შემდგომი წლების დაფინანსების საჭიროებებს.