მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსიტეტების „მარჩენალები“ ჩვენ ვართ - სტუდენტები სასწავლებლებს და მთავრობას მიმართავენ

601801b0aaeb2
თათია ჩაფიჩაძე
01.02.21 21:37
888
სტუდენტები უნივერსიტეტებს სწავლის გადასახადის განახევრებას, მთავრობას კი სასწავლო დაწესებულებების წახალისებას სთხოვენ. შესაბამისი მიმართვა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრს უკვე გაუგზავნეს. მათი განცხადებით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამო, უმაღლესი სასწავლებლების ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მათ შეღავათების დაწესების საშუალებას აძლევს.

„სტუდენტური ძალის“ წარმომადგენელი, სტუდენტი გიორგი კაციაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტაციის შესწავლის ხარჯზე 2019-2020 სასწავლო წელს ილიას უნივერსიტეტებს 25 მლნ, ტექნიკური უნივერსიტეტის - 60 მლნ, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს კი 11 მლნ გაუხარჯავი თანხა დარჩა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა რჩება უცვლელი, რომ განახევრდეს სწავლის საფასური იმის მიუხედავად, აღდგება თუ არა საუნივერსიტეტო სწავლება 1 მარტის შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის 21 მარტიდან მოყოლებული ბევრმა სტუდენტმა დაკარგა სამსახური და უკვე 1 წელია, არ აქვთ შემოსავალი, შესაბამისად, ის ზიანი, რაც დაგვიდგა, 1 მარტიდან ვერ აღდგება.

ასევე, ჩვენ შევისწავლეთ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემები, სახელმწიფო უნივერსიტეტების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ თუნდაც ტექნიკური უნივერსიტეტს, 2019-2020 სასწავლო წლის ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარი დარჩა გაუხარჯავი. ილიას უნივერსიტეტს - 25 მლნ, სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტს - 11 მლნ ლარი. ამავე დროს, რაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით, მას შემდეგ უნივერსიტეტებს ხარჯი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება - zoom-ის პლატფორმის მოწყობისთვის საჭირო ხარჯები და შრომის ანაზღაურება.

ჩვენ მივმართეთ უნივერსიტეტებს, რომ აეღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა არიან სტუდენტები. ყველაზე მნიშვნელოვან დროს თუ არ დაეხმარება ის მათ „მარჩენალს” ანუ ჩვენ - სტუდენტებს, ცუდ შედეგებს მივიღებთ. უკვე 75 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს. მივესალმებით სხვადასხვა უნივერსიტეტის მხრიდან დახმარებებს წარმატებული სტუდენტებისთვის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს დისკრიმინაციულია. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა უნივერსიტეტმა აიღოს პასუხისმგებლობა და დაეხმაროს ყველა აკადემიურ სტუდენტს ფინანსური შეღავათებით, მთავრობამ კი ეს დამხარება წაახალისოს.“ - განაცხადა გიორგი კაციაშვილმა.