14.მაისი .2020 10:46

UNWTO - ტურიზმში შემოსავლები $1.2 ტრილიონით შემცირდება

views 253
უკან

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სავარაუდოდ $910 მლრდ-$1.2 ტრილიონით შემცირდება და საფრთხე შეექმნება 100–120 მილიონ სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის აღდგენის ტექნიკური დახმარების პაკეტში, რაც წევრ ქვეყნებს კორონავირუსის საპასუხოდ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ პაკეტი სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ეკონომიკურ აღდგენას, მარკეტინგს და პრომოციას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და მედეგობის უზრუნველყოფას. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) ვებგვერდზე ვრცელდება.

„იმის გამო, რომ ტურიზმი ერთ–ერთ ყველაზე დაზარალებულ სექტორებს შორისაა, UNWTO-მ სამი შესაძლო სცენარი შეიმუშავა. იმის მიხედვით, თუ როდის მოხსნიან სამოგზაურო შეზღუდვებს, 2020 წელს საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლები შესაძლოა 60-80%-ით შემცირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $910 მლრდ-$1.2 ტრილიონით შემცირდება და საფრთხე შეექმნება 100–120 მილიონ სამუშაო ადგილს.

ამ შედეგებთან გასამკლავებლად კი ტურიზმის აღდგენის ტექნიკური დახმარების პაკეტი შექმნილია მთავრობების, კერძო სექტორისა და დონორი სააგენტოების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ორგანიზაციია მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დახმარების პაკეტის ფარგლებში სამი პოტენციური მიმართულებაა გამოვლენილი: ეკონომიკური, მასტიმულირებელი და ინსტიტუციონალური.

ტექნიკური დახმარების პაკეტი ხაზს უსვამს იმ პოლიტიკას და ზომებს, რაც უნდა გატარდეს ტურიზმის სექტორის ეკონომიკური აღდგენის სტიმულირებისთვის.

რაც შეეხება მარკეტინგულ ნაწილში, UNWTO მზად არის დაეხმაროს ქვეყნებს ტექნიკურად ბაზრების იდენტიფიცირებაში, რაც დაეხმარება სწრაფი აღდგენის პროცესს, პროდუქციის დივერსიფიცირების, მარკეტინგული სტრატეგიების ხელახლა ფორმულირების და მასტიმულირებელი აქტივობების კუთხით.

მესამე მიმართულება – ინსტიტუციონალური გაძლიერება კი მიზნად ისახავს საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობითი მცდელობების პრომოციას ტურიზმის სექტორის აღდგენისთვის და კრიზისის მართვის პროცესში საჭირო უნარების გაძლირებას.