მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO: გლობალურად, საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა

5f61c613d225c
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.20 12:02
1162
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში გლობალურად საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა.

“უკანასკნელი კვირების განმავლობაში მსოფლიოს ტურისტული დანიშნულების ქვეყნების 53%-ში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება, თუმცა არაერთი ქვეყნის მთავრობა კვლავ ინარჩუნებს სიფრთხილეს და სამოგზაურო შეზღუდვების შერბილებას არ ახდენს", - ნათქვამია დოკუმენტში.

UNWTO-ს მიხედვით, 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა 2020 წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი ვიზიტორით შემცირდა, რამაც გლობალურად ამ სფეროს შემოსავლის $460 მილიარდი დოლარით კლება გამოიწვია. ეს, დაახლოებით, ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე ის დარტყმა, რაც გლობალური ტურიზმის ინდუსტრიამ 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს მიიღო.

UNWTO-ს გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის უსაფრთხო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

UNWTO-ს მიმოხილვის თანახმად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონის შესახებ არსებული მოლოდინები არ მატერიალიზდა. განსაკუთრებით კი ევროპაში, სადაც COVID-19-ის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. შედეგად, ევროპაში ვიზიტების რაოდენობა 66%-ით შემცირდა. ამერიკის კონტინენტზე კლება 55%-ია, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - 57%,  ხოლო აზიასა და ოკეანეაში ტურიზმის შემცირებამ 2020 წლის პირველ ნახევარში 72% შეადგინა.