მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO-ს პროგნოზი: საერთაშორისო ტურიზმში შემოსავლები $250-დან $400 მლრდ-მდე შემცირდება

5e74d96225a28
თელარა გელანტია
23.03.20 09:45
2183
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის გამო საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები, შესაძლოა, 250-დან 400 მლრდ დოლარამდე შემცირდეს.

ამის შესახებ bm.ge-ის UNWTO-ს წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინატორმა ბექა ჯაყელმა განუცხადა.

„სიტუაცია არის საკმაოდ რთული. ყოველდღიურად იცვლება ვითარება. დღევანდელი მდგომარეობით, 72-მა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვარი ჩინეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც კორონავირუსი დადასტურდა. ბოლო 1 კვირის განმავლობაში 38-მა ქვეყანამ დააწესა მკაცრი შეზღუდვები მოგზაურობისთვის ანუ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. სიფრთხილით ვეკიდებით პროგნოზის გაკეთებასაც; ორი კვირის წინ ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 2020 წელს საერთაშორისო ტურისტების შემცირება იქნებოდა 1%-დან 3%-მდე, ნაცვლად 3%-4%-იანი ზრდისა. დღევანდელი მდგომარეობით, იმდენად გაუარესებული სიტუაციაა, რომ 20%-30% პროცენტიან კლებას ვვარაუდობთ, რაც ნიშნავს, დაახლოებით, 250-დან 400 მლრდ დოლარამდე შემოსავლის დანაკლისს საერთაშორისო ტურიზმში“, - განაცხადა ბექა ჯაყელმა.

UNWTO-ს წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინატორი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზზე დაყრდნობით ამბობს, რომ პანდემია მსოფლიოში, სავარაუდოდ, 3-4 თვე გაგრძელდება, მაგრამ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ამ შემთხვევაშიც პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

ცნობისთვის: 2019 წელს საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები 1.5 ტრილიონი დოლარი იყო.