მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უოლ სტრიტზე ვაჭრობა შეჩერდა

5e6a434486e6c
BM.GE
12.03.20 18:10
2166
ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 მარტის სავაჭრო სესიის გახსნას აქციების მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ქვეყნის წამყვანი ინდექსები S&P 500 7.5%-ით, Dow Jones-ის ინდექსი 8%-ით, Nasdaq-ი კი 6.81%-ით შემცირდა. მკვეთრ ვარდნას საფონდო ბირჟის დამცავი მექანიზმის ამოქმედება და ვაჭრობის დროებით შეჩერება მოჰყვა. 

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიების აქციების მკვეთრი გაუფასურება დონალდ ტრამპის მიერ ევროპასთან, კონკრეტულად კი შენგენის ზონასთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადებას მოყვა.

შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე კვირის განმავლობაში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შეჩერების მეორე შემთხვევაა. პირველად, ეს 9 მარტს, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის 30%-იან ვარდნას მოყვა.

დღესვე უმძიმესი შედეგებით წარიმართა ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, სადაც წამყვანი FTSE 100-ის ინდექსი 91.3%-ით შემცირდა. გერმანიის DAX-ის ინდექსი 9.6%-ით დაეცა, იაპონიის Nikkei 225 4%-ით შემცირდა, ავსტრალიის წამყვანი ASX 200-ის ინდექსი კი 7.36%-ით დაეცა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობის შესაჩერებლად რამდენიმე ჩამკეტი მექანიზმი არსებობს. 

ეს მექანიზმებია:

1) თუ S&P 500-ის ინდექსი 7%-ზე მეტად დაეცემა, ბირჟაზე ვაჭრობა 15 წუთით ჩერდება;
2) თუ S&P 500-ის ინდექსი 13%-ზე მეტად დაეცემა, ვაჭრობა ასევე 15 წუთით ჩერდება, თუ ეს ვარდნა 15:25 წუთამდე მოხდება, მაშინ შეჩერება აღარ მოხდება, თუკი დაცემა ამის შემდეგ გაგრძელდება;
3) თუ S&P 500-ის ინდექსი 20%-ზე მეტად შემცირდება, მაშინ ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში შეწყდება.