08.აგვისტო .2022 19:30

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway $44-მილიარდიან ზარალზეა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway $44-მილიარდიან ზარალზეა
views 2174
უკან

მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში თავად „ომაჰელი ორაკულის“, ლეგენდარული უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway-ია.

მსოფლიოს უმსხვილესმა ჰოლდინგმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უაღრესად არასახარბიელო შედეგები დააფიქსირა - საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო პორტფელიდან მიღებულმა არარეალიზებულმა ზარალმა 53 მილიარდი დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ გასული წლის Q2-ში ჰოლდინგი $21.4-მილიარდიან მოგებაზე იყო.

მეორე კვარტალში Berkshire-მა $9.3 მილიარდის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 90%-ით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს, ხოლო ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 84%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება შემოსავლებს თითოეულ აქციაზე, EPS-მა Q2-ში მინუს 29,754 დოლარი შეადგინა, რაც აგრეთვე გაცილებით უარესია, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი (-$4,079).

მიუხედავად საინვესტიციო პორტფელიდან მიღებული ზარალისა, თავად ჰოლდინგმა $9.3 მილიარდის საოპერაციო მოგების მიღება შეძლო, რაც $2.4 მილიარდით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები საფონდო ბირჟების დაღმასვლასთან და იმ კომპანიების აქციების შემცირებასთანაა დაკავშირებული, რომელთაც Berkshire Hathaway ფლობს. მოგეხსენებათ, თავად ჰოლდინგი პროდუქციას არ აწარმოებს, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო კი საინვესტიციო პორტფელთანაა დაკავშირებული.

„საინვესტიციო პორტფელიდან მიღებული მოგება/წაგების კვარტალური მონაცემები, უმეტესწილად, უმნიშვნელოა, რადგან ის ინვესტორებს არ აწვდის რეალურ და ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის შემოსავლების შესახებ და, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ბუღალტრული ანგარიშგების წარმოების წესები არ იცის“, - წერია Berkshire Hathaway-ს განცხადებაში.

ექსპერტების შეფასებით, კვარტალური შედეგები არ იძლევა პანიკის საფუძველს და სამთვიან პერიოდში დაფიქსირებული ზარალი 183-წლიანი ისტორიის მქონე საინვესტიციო ჰოლდინგისთვის სიახლე სულაც არ არის. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ Berkshire-ის ინვესტორებიც, კვარტალური მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 1%-ზე ნაკლებით შემცირდა.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $645-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

"ომაჰელი ორაკული“ კი ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ უორენ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.