მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის Berkshire-მა $4.2 მილიარდად HP-ის 11%-იანი წილი შეიძინა - ბირჟაზე კომპანიის აქციები იზრდება

624e989de0c22
გიორგი თოლორდავა
07.04.22 13:12
3034
ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის, Hewlett-Packard-ის 11.4%-იანი წილი (121 მლნ აქცია) 4.2 მილიარდ დოლარად შეიძინა.

კომპანია HP კალიფორნიაში 1939 წელს დაარსდა და ის კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 37 მილიარდ დოლარს აღწევს და მსოფლიოს მასშტაბით ის 300,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. Hewlett-Packard-ი დაკავებულია როგორც ბიუჯეტური ლეპტოპების, სმარტფონებისა და პლანშეტების, ასევე პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი კომპიუტერული ტექნიკის, OMEN-ისა და Pavilion-ის წარმოებით.

1839 წელს დაფუძნებული Berkshire Hathaway, რომელსაც 91 წლის ბაფეტი ხელმძღვანელობს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო-საინვესტიციო ორგანიზაციაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 760 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში ამჟამად ის მეშვიდე ადგილს იკავებს – მას ღირებულებით მხოლოდ Saudi Aramco და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები (Apple, Microsoft, Google, Amazon, Tesla) უსწრებენ. ექსპერტთა ნაწილი უორენ ბაფეტს ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ინვესტორად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორებმა და ტრეიდერებმა აღნიშნული სიახლე დადებითად მიიღეს და ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ოფიციალური საათების დასრულების შემდეგ, HP-ის აქციების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა, Berkshire-ის ღირებულება კი მიმდინარე წელს 13.8%-ით არის გაზრდილი, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციისა გათვალისწინებით, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტი საინვესტიციო ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების შედეგებს.

გარდა HP-ისა, გასულ თვეს Berkshire-ის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს სადაზღვევო კომპანია Alleghany-ც შეემატა, ამ ორგანიზაციის 100%-იანი წილი უორენ ბაფეტის გუნდმა 11.6 მილიარდ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება საფონდო ბირჟების ზოგად მიმოხილვას, მიმდინარე კვირაში ყველა ძირითადი ინდექსი დაეცა, რაც უშუალო კავშირშია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინებთან. S&P 500-ის ღირებულება 2.5%-ით შემცირდა, Nasdaq-ის ინდექსი 3.5%-ზე მეტით არის შემცირებული, Dow Jones-ი კი თითქმის 2%-ით დაეცა. ზოგადი ინდექსების ვარდნის პარალელურად, არასახარბიელო შედეგებს აჩვენებენ კონკრეტული კომპანიებიც. ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის დონისა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ფონზე, ინვესტორები რისკების დაზღვევას ცდილობენ და შედარებით სპეკულაციურ აქტივებში პოზიციების დროებით ამცირებენ.


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt & Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, Berkshire Hathaway-სა და HP-ის აქციებითა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.