10.ნოემბერი .2022 18:45

უორენ ბაფეტის Berkshire-მა საბაზრო კაპიტალიზაციით ილონ მასკის Tesla-ს გადაუსწრო

უორენ ბაფეტის Berkshire-მა საბაზრო კაპიტალიზაციით ილონ მასკის Tesla-ს გადაუსწრო
views 737
უკან

მიმდინარე კვირას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა, კერძოდ, ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ საბაზრო კაპიტალიზაციით ილონ მასკის Tesla-ს გადაუსწრო.

გასულ 24 საათში Berkshire-ის კაპიტალიზაცია 630 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა; Tesla-ს საბაზრო ღირებულება კი დამატებით 7.2%-ით, 552 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

Forbes-ის შეფასებით, ერთ თვეში ილონ მასკმა თითქმის 40 მილიარდი დოლარი დაკარგა და ამჟამად მისი ქონების შეფასება $187 მილიარდს შეადგენს.

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის არასახარბიელო შეფასება საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ღირებულების შემცირებასთანაა დაკავშირებული. ერთკვირიან ჭრილში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციები 16%-ით დაეცა, ხოლო ერთწლიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 56%-ს აღწევს.

ბოლო პერიოდში Tesla-ს აქციების შემცირება მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ინვესტორთა დიდი ნაწილი Tesla-ს დირექტორის, ილონ მასკის ყურადღების Twitter-ზე გადართვას პოზიტიურად არ აფასებს. მათი შეფასებით, მასკის სრული ფოკუსი Tesla-ზე უნდა იყოს, რადგან ის მისი შემოსავლის მთავარი წყარო და რეალური მოგების მომტანი კომპანიაა, განსხვავებით Twitter-ისა.

რაც შეეხება Berkshire Hathaway-სა და მის ხელმძღვანელ უორენ ბაფეტს, ერთთვიან ჭრილში კომპანიის აქციები 8.2%-ითაა გაზრდილი; ბაფეტის ქონების შეფასება კი ამჟამად 100 მილიარდ დოლარს აღწევს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.