მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა Apple-ის, Chevron-ის და Occidental-ის აქციები იყიდა

6283b2fdd769d
გიორგი თოლორდავა
17.05.22 19:07
2088
საფონდო ბირჟების დაღმასვლის ტენდენცია Berkshire Hathaway-მ და მისმა ლეგენდარულმა ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა საინვესტიციო შესაძლებლობად გამოიყენეს და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საინვესტიციო პორტფელის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდეს.

Berkshire-ის ყურადღების ცენტრში წელს ენერგეტიკული სექტორი აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაძვირების ფონზე ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა მნიშვნელოვნად გაზარდა Chevron-ისა და Occidental Petroleum-ის აქციების წილი და ამჟამად მათში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 42 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

Berkshire Hathaway ისევ განაგრძობს მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Apple-ის აქციების შეძენას. 2022 წლის პირველ სამ თვეში Berkshire-მა Apple-ში ინვესტირებული პოზიცია 600 მილიონი დოლარით გაზარდა. ტექნოლოგიური გიგანტი კი ამჟამად ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს.

გარდა ამისა, წელს Berkshire-მა $1 მილიარდად ვიდეო-თამაშების მწარმოებელი კომპანიის, Activision-Blizzard-ის 9.5%-იანი წილი შეიძინა. $11.6 მილიარდად კი სადაზღვევო კომპანია Alleghany-ს 100%-იანი წილი იყიდა.

საერთო ჯამში, პირველ კვარტალში უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა 41 მილიარდი დოლარის აქციები შეიძინა, თუმცა Berkshire მხოლოდ შესყიდვით არ შემოფარგლულა და მან რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიციის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო - აღნიშნულ პერიოდში ჰოლდინგის მიერ გაყიდული აქციების მოცულობა 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2022 წელს Berkshire-მა Wells Fargo-ს აქციების გაყიდვის და მისი კონკურენტი ბანკის, Citigroup-ის აქციების $3 მილიარდად შეძენის გადაწყვეტილებაც მიიღო. ამჟამად ბაფეტის ჰოლდინგი Citigroup-ის 2.8%-იან წილს აკონტროლებს.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Berkshire-ის გააქტიურება იმაზე მიუთითებს, რომ აქციების ვარდნის ტენდენცია და საფონდო ბირჟების კორექცია საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის, რომელთაც გონიერი ინვესტორები და ტრეიდერები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.