მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალური მართვის შედეგად მთელი ინდუსტრია იხრჩობა”

605ef57a08b90
ანუკა ჯოხაძე
27.03.21 13:12
1182
ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთია, რომელიც დღეს მთავრობას კომუნიკაციის ხარისხს უწუნებს. ამ კომუნიკაციაში კი ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს, რომლის ხელმძღვანელის პოსტი დღემდე ვაკანტურია.

ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ უწყების სათავეში კონკრეტული პიროვნების ოფიციალურად დანიშვნა სექტორისთვის არც არაფერს შეცვლის, რადგან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი არ აქვს. მისი თქმით, საქმე გვაქვს მართვის სისტემურ პრობლემასთან, რამაც ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტთან ერთად ვაკანტურია ბიზნესომბუდსმენის პოსტიც.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურად დამტკიცებული ხელმძღვანელი რომ არ ჰყავდა, ამან რამე შეცვალა–მეთქი რომ ვთქვა, არასწორი იქნება. ჩემი აზრით, არც არაფერი შეცვლილა, იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციაში არიან ძალიან კარგი ტექნოკრატები; იციან, როგორ უნდა გააგრძელონ მატარებლის ტარება, თუმცა მათი გადაწვეტილება არასოდეს ყოფილა და არც ახლა იქნება ის, თუ საით უნდა გაუხვიოს ამ მატარებელმა.

დამხრჩვალ ან დახრჩობის პირას მიყვანილ ადამიანს, ვინმეს დაცვა უშველის? დაცვა გჭირდება მაშინ, როცა დაცურავ, ზედაპირზე ხარ; როცა იხრჩობი, რა დროს ბიზნეს ომბუდსმენია. ამ უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალური მართვის შედეგად მთელი ინდუსტრია იხრჩობა”-აცხადებს Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე.

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული 2020 წლის 10 სექტემბერს წარადგინა. ოცეულში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად და ბიზნეს ომბუდსმენი მიხეილ დაუშვილიც მოხვდა. შესაბამისად, მათ მალევე მოუწიათ აღნიშნული თანამდებობების დატოვება. მას შემდეგ როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ისე ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტურია. ბოლო 6 თვეა კი ორივე პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლები საქმიანობენ.