მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: საქართველო საპროცენტო განაკვეთებით კონკურენტუნარიანია

5f685b9851da8
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 12:43
2249

როგორია საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა? - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს, რა განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთს ლარში და უცხოურ ვალუტაში. 

“ლარში საპროცენტო განაკვეთი ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, რადგან, დღეს ერთადერთი წყარო საიდანაც შესაძლებელია, რომ საფინანსო ინსტიტუტმა რესურსი მოიძიოს, ეს ეროვნული ბანკია და ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთია. მეორე წყარო დეპოზიტია, თუმცა გრძელვადიანი დეპოზიტების განთავსების პრაქტიკა საქართველოში ბოლო წლებში წამოვიდა. 

ასევე, თუ შევამჩნევთ იმას, რომ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები რეფინანსირების განაკვეთზე მნიშვნელოვნად მაღალია. ცალსახა ხდება, რომ უფრო მარტივია, რომ ბანკმა რესურსი სებ-ისგან, რეფინანსირების განაკვეთით მოიძიოს. რეფინანსირების განაკვეთი ცვალებადია, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მნიშვნელოვნად მცირდება. დღეის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია. 

აქვე ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა პროდუქტზე განსხვავებულია და რატომ? -  გარდა რეფინანსირების განაკვეთისა, ამა თუ იმ პროდუქტში განსაზღვრულია სესხების რისკიანობა და ის ამ პროდუქტის თვითღირებულებას პირდაპირ ასახავს”, - განმარტა ძნელაძემ.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თქმითვე, თუ საერთაშორისო ბაზარს გადავხედავთ, საკმაოდ დიდი ხანია ევროში უარყოფითი საპროცენტო განაკვეთია, ხოლო საქართველოში ამ რესურსის შემოტანა ქვეყნის რეიტინგზეა დამოკიდებული. ალექსანდრე ძნელაძის განმარტებითვე, უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის რეიტინგი უმჯობესდება. 

“რეალურად უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი მინიმალურია და თუ საქართველოში არსებულ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთს შევხედავთ, მასთან ძალიან ახლოს არის ჩვენი მსგავსი ქვეყნები”, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდება. როგორც ძნელაძე აღნიშნავს, საქართველო საპროცენტო განაკვეთებით საინტერესო და კონკურენტუნარიანია. 

ცნობისთვის, საბანკო ასოციაციის კვლევის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთები ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ინარჩუნებენ 8%-იანი განსხვავების დიაპაზონს ჯამურ საკრედიტო პორტფელებთან მიმართებაში. ლარში საერთო ვითარებაში მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნარჩუნდება. საკრედიტო პორტფელში საშუალო პროცენტი 2018 წელთან შედარებით 1,61 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, თუმცა მაინც 15%-იან ნიშნულზე მაღლაა.