მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ

61a65de575457
BM.GE
30.11.21 21:14
673
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გააძლიერონ.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შევხვდი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი და ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაძლიეროთ. მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამიტს, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობას”,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ.

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ.

აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.

პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.