მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე შეამცირა

628f34727f08b
გიორგი თოლორდავა
26.05.22 11:58
897
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 14%-დან 11%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მონეტარულმა კომიტეტმა განაკვეთი 9.5%-დან პირდაპირ 20%-იან ნიშნულამდე გაზარდა, თუმცა რუბლის გამყარების ფონზე, ცენტრალური ბანკი განაკვეთის ეტაპობრივად შემსუბუქების პოლიტიკაზე გადაერთო.

ცენტრალური მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში არასტაბილურობის გამომწვევი რისკები შემცირებულია, ეროვნული ვალუტა სტაბილურად მყარდება, ხოლო ინფლაციის დონის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტადაა შემცირებული, რის გამოც, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს რუსეთში წლიურმა ინფლაციის დონემ თითქმის 18% შეადგინა. ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის პროგნოზის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა 2023 წლის ბოლოსთვის ის ფასების ზრდის მაჩვენებლის 5-7%-იან ნიშნულამდე შემცირებას ვარაუდობს. 

საგულისხმოა, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 140 რუბლს მიაღწია, თუმცა მალევე რუსული ვალუტა გამყარების ტენდენციაზე გადაერთო და ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 60 რუბლამდეა შემცირებული.