მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერიკული მედიკამენტების გამოწერის შემოღება 46 სახეობის მედიკამენტზეა შესაძლებელი - ასოციაცია

622f1af716544
სალომე ჭიპაშვილი
14.03.22 21:22
936
“ფარმაცევტული კომპანიებისა და სამედიცინო მუშაკების ურთიერთობა მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს”, – ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ვერტიკალური ინტეგრაცია გვაქვს, რომელსაც დადებით მხარესთან ერთად, რისკებიც ახლავს. კერძოდ, მედიკამენტების გამომწერები და რეალიზატორები ფაქტობრივად ერთი კომპანიის ქოლგის ქვეშაა.

„სად გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ შემთხვევაში არ მოხდება ინტერესების დარღვევა? ამიტომ არ უნდა გავასწროთ იმ ეტაპებს, რომლებიც უკვე გაიარეს იმ ქვეყნებმა, სადაც გენერიკული რეცეპტები გამოიყენება. მთავარია მოხდეს ხარისხის კონტროლი და ეთიკური გარემოს დარეგულირება. უნდა გამოვრიცხოთ მიკერძოება, მინიმუმამდე დავიყვანოთ, გარკვეული ინტერესით გამოწერილი წამალების რაოდენობა", - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში 10 ათასზე მეტი მედიკამენტია რეგისტრირებული და ყველას შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია.

„ვფიქრობ გენერიკული მედიკამენტების გამოწერის შემოღება, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ 46 სახეობის მედიკამენტზეა შესაძლებელი, სადაც კითხვის ნიშნები არ გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ ხელმძღვანელის განმარტებით, გენერიკული მედიკამენტი ეს არის ორიგინალი პროდუქტი, მოლეკულა, რომელსაც გარკვეული საპატენტო ვადა აქვს და მხოლოდ 10-15 წლის მერეა შესაძლებელია სხვა კომპანიებმა აწარმოონ მისი მსგავსი მედიკამენტი.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ორი ერთნაირი წამალი არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს 13 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორისაა აუცილებელი წესით გენერიკული მედიკამენტების სამედიცინო რეცეპტში მითითების წესების განსაზღვრა, ასევე GMP სტანდარტების და ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა. დოკუმენტი შეეხება თავად ფარმაცევტული კომპანიების სტრუქტურას და მათ ორგანიზაციულ მოწყობასაც. კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს მოუწოდებს, ბაზრის ჰოლდინგურ სტრუქტურასთან მიმართებით შემზღუდავი ზომები დაწესდეს.