მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადრე დღეში 100 ლარი მრჩებოდა, ახლა 50 ლარი თუ დამრჩა კარგია" - როგორ მიდის ვაჭრობა “მშრალი ხიდზე”

64254faa584cd
ლიკა გურაბანიძე
30.03.23 23:52
882
მშრალი ხიდი თბილისისთვის ტურისტულად აქტიურ ზონად დიდი ხნის წინ იქცა. თუმცა, როგორც ყველა სხვა ბიზნესზე პანდემია და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია მშრალ ხიდზე გამოფენილი ნივთების მეპატრონეებზეც უარყოფითად აისახა. მშრალი ხიდი ცნობილია, ძველმანების და ანტიკვარული ნივთების ბაზრობით, სუვენირებით ვაჭრობით და სურათების გამოფენა-გაყიდვით.

BM.GE-სთან “მშრალი ხიდის” ყველა მოვაჭრე აღნიშნავს, რომ მათი გაყიდვები ბოლო რამდენიმე წელია შემცირებულია, თუ მათ მაგალითად, ადრე დღეში 100 ლარის შემოსავალი რჩებოდათ, დღეს შესაძლოა სახლში 50 ლარით, ან საერთოდ თანხის გარეშე წავიდნენ.

“ხალხის ნაკადები შემცირებულია, როგორც უცხოელი ტურისტების, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების. პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენზე გავლენა მოახდინა. თუ მაგალითად, ადრე დღეში შესაძლოა ათი ნივთი გამეყიდა, ახლა მხოლოდ ორს ვყიდი. შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა. ფასებიც მცირედით გავზარდე, რადგან ყველაფრის მათ შორის პროდუქტის ღირებულება მომატებულია. თუ ადრე ნივთი ხუთი ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი ექვსი ლარია,” - განმარტა “მშრალი ხიდის” მოვაჭრემ ირაკლი ლილუაშვილმა.

“ადრე უფრო მეტი მყიდველი გყავდა, მეტი ტურისტი გვსტუმრობდა და დღიური შემოსავალიც გვქონდა. დღეს ცოტა მყიდველია. 2022 და 2021 წლებში პანდემიის დროსაც კი მყიდველების რაოდენობა ნორმალური იყო, ახლა თითქოს ტურისტები დადიან, მაგრამ ზოგი რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულია და ისინი ნამდვილი მყიდველებიც არ არიან. ადრე დღეში 100 ლარიც კი მრჩებოდა, ახლა დღიურად 50 ლარი თუ დამრჩა, ეს კარგია,” - აღნიშნა გურამ ხაჭაპურიძემ “მშრალი ხიდის” მოვაჭრემ.

“საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად მოდის. ძირითადად რუსულენოვანი ტურისტები დადიან. ახლა ისეთი პერიოდია, რომ გაყიდვები არ არის. ზაფხულის პერიოდში გაყიდვები კიდევ შესაძლოა წამოვიდეს, ტურისტი მეტი იქნება და ამის ხარჯზე. პანდემიის შემდგომ რა თქმა უნდა, მშრალმა ხიდმა გამოცოცხლება დაიწყო, თუმცა ეს ძირითადად ზაფხულის პერიოდს ეტყობა,”- განაცხადა “მშრალი ხიდის” მოვაჭრემ მერაბ შარტავამ.

მშრალი ხიდზე ზაფხულში ტურისტების შემოდინების შედეგად, გაყიდვების ზრდის დიდი მოლოდინი აქვთ, რადგან ახლა დამთვალიერებელი ბევრია, თუმცა მყიდველი ნაკლები.