მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი IMF-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

626150f7b7831
მარიამ ვარადაშვილი
21.04.22 16:57
655
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერსს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, ჯიჰად აზურს და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა.

უწყების ცნობითვე, მოლაპარაკებებისას ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2020-2021 წლებში COVID-19-ის პანდემიის უკიდურესად ნეგატიური ეფექტის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა წინა პროგრამა, რომლის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებისა და სათანადო რესურსების მობილიზებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს განაცხადსაც.

„ეს პროცესი საქართველოს აძლევს ისტორიულ შესაძლებლობას და პასუხისმგებლობას - დაიცვას ევროკავშირის სტანდარტები ჩვენს პოლიტიკასა და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგში“, - განაცხადა ხუციშვილმა.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

"საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს”,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.