მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების რა გაიდლაინი უნდა დაიცვას სამშენებლო ბიზნესმა? - COVID-19-ის პრევენცია

5e838507142fe
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 23:30
4080
COVID-19-ის პრევენციაზე ზრუნა დღეს საქართველოს მთავრობასთან ერთად, თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ვალდებულებაა. უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გასატარებლად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს გაიდლაინები, რომელთა დაცვაც სხვადასხვა სექტორებში მომუშავე კომპანიებს ვირუსის პრევენციაში დაეხმარება. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების რეკომენდაციებს სამშენებლო სექტორისთვის. (დოკუმენტი მოიცავს ვალდებულებებს, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის)

გასატარებელი ზომები - სამშენებლო ბიზნესი:

მშენებელთა შრომითი საქმიანობა ხასიათდება სამუშაო ადგილების მუდმივი ცვალებადობითა და ღია ატმოსფერულ პირობებში არსებული შრომითი აქტივობით. სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელების კუთხით, მშენებლობა განეკუთვნება საშუალო რისკის სექტორს, ვინაიდან მისი სპეციფიკა მოიცავს ბუნებრივ განიავებას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია მშენებლობაზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები.

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში; 
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით); 
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.); 
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. 


დამსაქმებლის ვალდებულებები

  • დამსაქმებელმა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევა, უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას; 
  • მიაწოდეოს დასაქმებულებს ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურების და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ (იხელმძღვანელეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით); 
  • სამუშაო სივრცეში განათავსოს განცხადებები COVID-19-ის შესახებ და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არის განსაზღვრული; იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად (ადმინისტრაციული პერსონალი), მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება; 
  • მოსასვენებელი ოთახის/სასადილო ოთახის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; 
  • სამუშაო ადგილზე უზრუნველყავოს ხელის დაბანის შესაძლებლობა, შესაბამისი საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარი; 
  • თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები; 
  • დარწმუნდინენ, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მისი გამოყენება შესაბამისი წესების დაცვით; 
  • ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში; 
  • დაატრენინგოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე; 
  • უზრუნველყოს დასაქმებულები სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, რესპირატორი) და დააწესეთ კონტროლი მათ გამოყენებაზე; 
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია; 
  • გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია; 
  • მოაწესრიგოს ერგონომიკა სამშენებლო მოედანზე. უზრუნველყავით სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და სამშენებლო ნარჩენების დროული გატანა. დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, სამუშაო სივრცეში უზრუნველყაოს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება. 

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელეთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე; 
  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; 
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა); 
  • მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა); 
  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი; 
  • სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას; 
  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ ხელები; 
  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას; 
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა); 
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში; 
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.