20.სექტემბერი .2021 21:41

„USAID-ის დახმარებით რამდენიმე თვეში ტურიზმის სტრატეგიის ახალი დანართი გვექნება“ - მედეა ჯანიაშვილი

„USAID-ის დახმარებით რამდენიმე თვეში ტურიზმის სტრატეგიის ახალი დანართი გვექნება“ - მედეა ჯანიაშვილი
views 229
უკან

„ჩვენი მიდგომა არ არის ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი ბერკეტების შექმნა, იგივე ნებართვები და ლიცენზიები. ჩვენი მიზანია თავისუფალ საბაზრო პირობებსა და კონკურენციაში განვითარდეს ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედეა ჯანიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მან დარგის განვითარების პროცესში ახალ კანონპროექტზე მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც სექტორის აქტიური ჩართულობით მუშავდება. მედეა ჯანიაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის შესახებ კანონის შემუშავება მარტივი თემა არ არის, ამიტომ მასზე მუშაობის დასრულების ვადების დასახელება უჭირს.

„ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც ტურიზმის კანონის მიმართულებით ვმუშაობთ და ჩვენი ამოცანაა კანონში ისეთი მიმართულებები ჩაიდოს, რომელიც წამახალისებელი იქნება და სექტორს მაღალი ხარისხის მომსახურების შექმნაში შეუწყობს ხელს და არც ერთ შემთხვევაში არ იქნება შემბოჭავი ან გარკვეული ბერკეტის მატარებელი.

კანონპროექტზე მუშაობა ახლა სექტორის ჩართულობით კონკრეტულ მიმართულებებზე მიმდინარეობს.

ტურიზმის კანონი მარტივი თემა არ არის და მუშაობის პროცესში ბევრ სირთულეს წავაწყდით, როდესაც რეალურად თემები მეტ დროს ძალისხმევას და კარგ დაფიქრებას მოითხოვს, იმდენად რამდენადაც ამ კანონპროექტზე გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება ტურიზმის განვითარების ხედვა“, - განმარტავს ჯანიაშვილი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ტურიზმის კანონი და სტრატეგია ერთმანეთთან სინერგიაში უნდა მოდიოდეს და რადგან კოვიდ-პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, სტრატეგიის განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, თუმცა კორონავირუსმა დაგვაყენა იმ საჭიროების წინაშე, რომ 2025 წლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს. USAID-ის დახმარებით ძალიან მალე, რამდენიმე თვეში გვექნება სტრატეგიის დანართი, სადაც ახალ გამოწვევებზე, ტურისტულ პროდუქტებზე, მათ შორის ბაზრებზეც იქნება საუბარი, რადგან ბაზრებიც შეგვეცვალა და თუ აქამდე სხვა მიზნობრივი ბაზრები გვქონდა, კოვიდიდან გამომდინარე სურათი შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს, რადგან მომხმარებლის ქცევა და ესა თუ ის დამოკიდებულება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის მიმართ შეიცვალა. ამ მიმართულებით კომპლექსურად ვმუშაობთ. ეს ბევრი სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობაა, რომელიც საერთო ჯამში ტურიზმის გრძელვადიან მდგრად და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა