14.ოქტომბერი .2019 19:10

USAID-ის RIA: ბაზრის ლიბერალიზაციის გარეშე, ბუნებრივი გაზი გაძვირდება

views 296
უკან

პარლამენტში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვები უკვე დაიწყო. დოკუმენტს პირველი მოსმენით რამდენიმე კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ამ კანონის რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი USAID-მა მოამზადა. RIA როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორებში ახალი კანონის ფასებზე გავლენის შეფასებას ითვალისწინებს.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, რეფორმების დამსახურებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 2025 წლამდე საშუალოდ, ყოველწლიურად, 1%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ რეფორმის გარეშე USAID სამომხმარებლო ტარიფის 1%-იანი ზრდას პროგნოზირებს იგივე პერიოდისთვის.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ამ მხრივ, ორგანიზაციის ექსპერტები, კანონის მიღების შემდეგ გაზის საბითუმო ფასის შემცირებას ელიან.

„ახალი კანონპროექტის ამოქმედების სცენარის შემთხვევაში, მოსალოდნელი ცვლილებები:

1. მესამე მხარისთვის ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან კომერციულად შეუზღუდავი წვდომა;

2. სავაჭრო საქმიანობა თანდათან განაპირობებს ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდას და უფრო დაბალ საბითუმო ფასებს;

3. დაბალანსების წესები და უბალანსობის ჯარიმები გააუმჯობესებს ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს სამართლიანი ფასწარმოქმნას;

4. მიმწოდებლის თავისუფალი არჩევანი ფასებს გახდის გამჭვირვალეს;

5. მესამე მხარის გამანაწილებელ ქსელზე წვდომის მიზნით, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების განცალკევება;

6. საბითუმო ბაზარზე კონკურენცია შეამცირებს საბითუმო ფასებს;

7. ჩამოყალიბდება გამჭვირვალე და ეფექტურად ორგანიზებული საბითუმო და საცალო ბაზრები, ხარჯ-ეფექტიანი ქსელური ტარიფებით;

8. ბუნებრივი გაზის დღით ადრე ვაჭრობისა და ვირტუალური ვაჭრობის პუნქტის ამოქმედება გაზრდის საფასო კონკურენციას;

9. რეფორმების გატარებით განპირობებული გაზრდილი ხარჯები (გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორი, კომუნიკაციის ახალი სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, განცალკევება)“, - წერია USAID-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

არსებული პრაქტიკის შენარჩუნების პირობებში კი, რაც ბაზრის ლიბერალიზაციას არ ითვალისწინებს, RIA-ს მიხედვით, გაზი გაძვირდება.

„არსებული პრაქტიკის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ბუნებრივი გაზის ფასების ზრდას, რაც განპირობებულია ბუნებრივი გაზის რეგიონალური ბაზრებზე ფასების მოსალოდნელი ზრდის ტენდენციით (ნავთობის ფასების ცვალებადობა). ასეთ შემთხვევაში, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან დამატებითი სუბსიდირება გახდება საჭირო“, - წერია RIA-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა