მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-მა 2019 წელს საქართველოში $73 მილიონზე მეტი დახარჯა - პიტერ ვიბლერი

5ede30a1544be
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.20 16:33
956
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, 2019 წლის განმავლობაში, USAID-ის მიერ საქართველოში გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა $73 მილიონ დოლარს (219 მლნ ლარს) აღემატებოდა.

ვიბლერის თქმით, დაფინანსების რიცხვებზე მნიშვნელოვანი არის ის ხელშესახები შედეგები, რომლებიც საქართველოში USAID-ის პარტნიორობით განხორციელდა.

“ამერიკელი ხალხის გულუხვობის გამო, შარშან 2019 წელს USAID-ის ბიუჯეტი საქართველოსთვის იყო 73 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი. ეს არის მთავარი რიცხვი, რითაც გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და დავიცვათ ის მავნე გარე ზეგავლენისგან.

USAID-ში ჩვენ ვამბობთ, რომ რიცხვები მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის ის ხელშესახები შედეგები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით - ეს შედეგები თავის თავზე ყველაფერს ყვება: ჩვენ ვეხმარებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ტრანსფორმაციაში; ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მოახდინოს ახალი მიმზიდველი სექტორების იდენტიფიცირება, რაც გაცდება სოფლის მეურნეობის სფეროს; ვმუშაობთ ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, ჩვენ ვაძლიერებთ აღმასრულებელ შტოს - მთავრობას, ვმუშაობთ პარლამენტთან, და სასამართლოსთან, კერძო სექტორთან,” - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

საქართველოში USAID-ის ხელმძღვანელმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ინვესტორები საქართველოთი დაინტერესდნენ, მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ ქვეყანაში მათი ინვესტიცია დაცული იქნება. ამ მხრივ, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სასამართლოს ეფექტიანობის უზრუნველყოფა პიტერ ვიბლერის თქმით, ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია.

“ჩვენ რასაც ვამბობთ და ელჩსაც აქვს კომენტარები გაკეთებული ამ თემაზე - იმისთვის, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს, იმისთვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს, რაც ჩვენ ყველას გვინდა და ვიცი, რომ ქართველ ხალხსაც უნდა ეს, რადგან ეს გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალს ნიშნავს - აუცილებელია რამდენიმე პირობა იყოს დაცული.

პირველი: სადაც უნდა აბანდებდნენ საკუთარ ფულს, ინვესტორები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი ინვესტიცია დაცულია. დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ არსებობს პერსპექტივა რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი ბიზნესი გაიზრდება და ისინი აქედან მოგებას ნახავენ - და ვფიქრობ, ეს სრულიად ლოგიკურია ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება ეს ამერიკა, თუ საქართველო.

მეორე: ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ თუ რაიმე ტიპის სამართლებრივი პრობლემა წამოიჭრება, ან სამართლებრივი დავა გახდება საჭირო - ქვეყანაში არსებობს სასამართლო სისტემა, რომელიც ძლიერია, რომელიც პატივს სცემს საკუთრების უფლებას და კანონის უზენაესობას.

ეს არის ის, რასაც ზოგადად ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამის გამო, შეერთებული შტატები USAID-ის და ასევე სხვა სამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით, ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, გააძლიეროს სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ სისტემა იყოს სამართლიანი და გამართული რომ მას უფრო და უფრო მეტად ენდონ არა მხოლოდ ინვესტორი კომპანიები, არამედ თავად ქართველი ხალხი,” - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

ინტერვიუ USAID-ის ხელმძღვანელთან, პიტერ ვიბლერთან: