მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსარგებლო, საბჭოთა მიდგომები - ICC მთავრობას ღია წერილით მიმართავს

5ec93146de4e4
BM.GE
23.05.20 18:10
1448
საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) მთავრობას და ინვესტორთა საბჭოს ღია წერილით მიმართავს და ჯანდაცვის უსაფრთოხების კუთხით, ბიზნესისთვის გათვალისწინებული რეგულაციების გადახედვას მოითხოვს.

წერილს, რომელსაც ხელს ICC-ის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი აწერს, კონკრეტული ადრესატები ჰყავს: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია. 

"ქ-ნ მინისტრის მოადგილევ,

მოგესალმებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის სახელით. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ 22 მაისს ინვესტორთა საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განხილული დეტალური ინფორმაციისათვის.

გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი შეხედულება იმ რეგულაციებზე, რომლებსაც თქვენი სამინისტრო ამზადებს ბიზნესისათვის კოვიდ-19 დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ბიზნესის იძულება, რომ აწარმოოს სამედიცინო ჟურნალი, რომლებშიც უნდა აღირიცხოს სამუშაო ადგილზე ყოველდღიურად დეზინფექციის ჩატარების სიხშირე, არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი და ღია კარი კორუფციისათვის; ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამ ჟურნალის თვითნებურად შევსება და არანაირი ბერკეტი არ არსებობს ჯანდაცვის მესვეურების მხრიდან ინფორმაციის სისწორის შემოწმებისა, ამიტომაც არის ეს დროისა და ენერგიის ფლანგვა და ტიპიური უსარგებლო ბიუროკრატიული დაბრკოლება.

მეორეს მხრივ, ასევე უსარგებლო მიდგომაა ბიზნესის იძულება, შეუმოწმოს მის ყველა თანამშრომელს სხეულის ტემპერატურა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კოვიდ-19 გადამტანი პაციენტების უმრავლესობას არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და არც სიმპტომიან ბევრ პაციენტს.

მესამე, ბიზნესის დაჯარიმება რეგულაციების დარღვევის გამო, რომლებსაც მთავრობა აწესებს არ არის ის, რასაც ბიზნესი მთავრობისგან ელის ეკონომიკური კრიზისის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგულაციების დიდი ნაწილი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებს იძლევა. ბიზნესი მთავრობისგან მოელის მხარდაჭერას და არა ჯარიმებსა და სანქციებს. კარგად გვესმის, რომ მთავრობას შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვს და კრიზისიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს ბიზნესის შესაბამის მხარდაჭერას, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს მოლოდინი ისედაც კრიზისის პირას მყოფ საწარმოებს დამატებითი ბარიერებით კიდევ უფრო გაურთულოთ ფინანსური მდგომარეობა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს ვერ დაუჭერს და წაახალისებს პოლიციურ რეგულაციებს; მოლოდინი გვაქვს მთავრობის მხრიდან ამ რთულ პერიოდში პარტნიორობისა და არა ჩაგვრისა.

მოლოდინი გვაქვს ასევე, რომ ბიზნესისათვის მთავრობა გასცემს რეკომენდაციებსა და მითითებებს და ცხადია არა რეგულაციებს, რომელთა აღსრულება ჯანდაცვის ინსპექტორების მხრიდან მოხდება ათასობით ლარის ჯარიმებით. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ არის პასუხისმგებლიანი, შეუძლიათ დაიცვან რეკომენდაციები და მითითებები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გარეშე; მთავრობა ვერ იზრუნებს ხალხზე იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხალხი.

მოლოდინი გვაქვს, რომ ჯანდაცვის ინსპექტორები ბიზნესს ასწავლიან, დააკვალიანებენ, ურჩევენ და მიმართულებას მისცემენ. ნამდვილად არ ველით ჯანდაცვის ინსპექტორების მხრიდან ბიზნესის ჩაგვრას, დასჯას, ზეწოლასა და დაჯარიმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ გადახედოთ თქვენს პოლიტიკასა და მიდგომებს და რეგულაციები შეცვალოთ რეკომენდაციებით, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის ნიშნად იმ სექტორის მიმართ, რომელიც ბოლო სამ თვეში განადგურდა", - ნათქვამია წერილში.