მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - როგორ წარდგება საქართველო ITB berlin-ზე?

63f768821a064
თელარა გელანტია
24.02.23 09:30
833
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - ეს არის საქართველოს მთავარი კონცეფცია, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ITB berlin-2023-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენის ოფიციალურად გახსნის წინა დღეს - 6 მარტს, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, 2500-მდე სტუმარს 45-წუთიანი პროგრამით გააცნოს ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა.

7 მარტს კი, ბერლინის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდთან ლენტის გაჭრით ოფიციალურად გაიხსნება.

მაია ომიაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან, აჭარის მთავრობასთან, თბილისის მერიასთან, აეროპორტების გაერთიანებასთან და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან (DMO) ერთად წარდგება.

“ITB ბერლინი არ არის უბრალოდ ტურისტული გამოფენა. ესაა ადგილი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, ვინც კი ამ სექტორში საქმიანობს, მათ შორის საერთაშორისო მედიის თვალსაზრისით, ბერლინში კონცენტრირდება 7-9 მარტის ჩათვლით. ღონისძიებას 5000 ჟურნალისტი აშუქებს და საქართველო 37 მილიონის მარკეტინგულ მედიადაფარვას იღებს. აღსანიშნია, რომ პანდემიამდე გამოფენას 200 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა და 10 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. ამ რიცხვებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სწორედ ამ მასშტაბის გათვალისწინებით, უდიდესი შესაძლებლობაა, როგორც ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ისე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, მთელი გამოფენის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ქართულ კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.

„ITB ბერლინის მასპინძლობა საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის, რაც ტურიზმის აღდგენის 2023 წლის დინამიკაზე პოზიტიურად აისახება“, - ამბობს მაია ომიაძე.



ცნობისთვის: 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს აღემატება; ვიზიტორების აღდგენის დონე კი 60% იყო.