მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უხეში შეჭრა დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობაში" - ლექვინაძე შრომის კოდექსის პროექტზე

5d8894cd3cd76
ლევან თაღიაშვილი
23.09.19 14:11
1016
საქართველოს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები
დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობაში უხეში ჩარევა იქნება.

მისი თქმით, ის პირობები, რომელზეც დამსაქმებელი და დასაქმებული თანხმდება, მათი მოლაპარაკების საგანია და სახელმიწიფო მასში არ უნდა ჩაერიოს.

„აბსოლუტურად ლოგიკურია ის გამოხმაურება, რომელიც აქვს ამ ინიციატივას. კანონპროექტში არის ბევრი ისეთი დეტალი, რომელმაც შესაძლოა დასაქმებულის მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ეს არის უხეში შეჭრა დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობაში. თქვენ თუ დამსაქმებელთან თანხმდებით რაღაც პირობებზე, ეს არის თქვენი მოლაპარაკების საგანი. ეს დასაქმებულისთვისაც მისაღებია, რადგან ის დამატებით შრომაში იღებს შემოსავალს, კომპანია კი - სარგებელს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ როდესაც ადამიანი სადღაც იწყებს მუშაობს, მან არ იცის იმ სამუშაო პირობების შესახებ, რასაც თანხმდება", - ამბობს ლექვინაძე.

ცნობისთვის: შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

“აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი,”- ნათქვამია კოდექსის პროექტში.

თავად შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი წერია, რომ “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს", ხოლო შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შრომის კოდექსის მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”

იმისთვის, რათა მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, აღნიშნული თავით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა იყოს შევსებული. ის, რომ შეთავსებული სამუშაოს შესრულება ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ საათებში უნდა მოხდეს ეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის დადგენილი, თუმცა, არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს დროის იმ შესაძლო მონაკვეთის მოცულობას, რომლის განმავლობაშიც, მოქალაქეს მეორე სამსახურის შესრულება შეუძლია.