10.ოქტომბერი .2019 15:20

უზბეკეთის დელეგაცია ქართული სააღსრულებო სისტემის სპეციფიკას გაეცნო

views 1430
უკან

სააღსრულებო პროცესის ეფექტურად განხორციელების მოდელსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო სერვისებს უზბეკეთის ექსპერტთა დელეგაცია გაეცნო.

საქართველოში უზბეკი სტუმრების სამუშაო ვიზიტი USAID-ისა და UNDP-ის ,,უზბეკეთში კანონის უზენაესობის სფეროებში პარტნიორობა” - პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დელეგაციაში სასამართლოს 10 წარმომადგენელი და UNDP-ის ოფისის რამდენიმე თანამშრომელი შედიოდა. ვიზიტის მიზანი, სხვადასხვა უწყებებთან მართლმსაჯულების სისტემაში ჩატარებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ ქართული სააღსრულებო სისტემის, პროცედურებისა და ეტაპების დაგეგმარების, ბიუროს ელექტრონული და არა სააღსრულებო სერვისებით. საუბარი შეეხო გამარტივებული საქმისწარმოებისა და გადახდისუუნარობის წარმოების სპეციფიკას და დაგეგმილ რეფორმებს.

უზბეკეთის დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია საქართველოს სასამართლო აქტების აღმასრულებელი ორგანოების სისტემის, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმებისა და პროცედურების, სასამართლო აქტების აღსრულების ალტერნატიული მექანიზმების, გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობის გაზრდისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ.

სტუმრები გაეცნენ იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების სფეროს სამართლებრივი და სტრუქტურული მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმების დასახვეწად ახორციელებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის რეორგანიზაციასა და სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, რითაც საქართველო ახალ სააღსრულებო მოდელზე გადავა და უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფრასტრუქტურა და თანამშრომლების სამუშაო გარემო დაათვალიერეს.

უზბეკეთის დელეგაციამ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებში, უზენაეს და საქალაქო სასამართლოებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სკოლაში.