მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზრუნველყავით მედიისთვის დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე - ომბუდსმენი მთავრობას

63340c621191a
ინგა მურუსიძე
28.09.22 12:51
581
სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დასწრებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ, - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე ის არის, რომ BM.GE-ს (ბიემჯის) მთავარი რედაქტორი, თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე უკვე მეორედ არ შეუშვეს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიასაშუალება BM.GE-ს (ბიემჯის) მთავარი რედაქტორის თელარა გელანტიასთვის საქართველოს მთვარობის სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შემთხვევებს.

თელარა გელანტიამ მთავრობის სხდომის გაშუქებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის ფაქტზე ჯერ კიდევ 2022 წლის 12 სექტემბერს განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მას სხდომაზე დასწრების აკრძალვის მიზეზად წესების დარღვევა, ბევრი შეკითხვის დასმა და ამ გზით კოლეგებისთვის ხელის შეშლა დაუსახელა. თელარა გელანტიასგან განსხვავებით, მის თანმხლებ ოპერატორს სხდომაზე დასწრების პრობლემა არ შეჰქმნია. თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრებაზე არც 26 სექტემბერს არ დაუშვეს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, არაერთხელ გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის ტენდენცია, რაც სახალხო დამცველმა თანასწორობის პრინციპთან წინააღმდეგობაში მყოფ პრაქტიკად შეაფასა (https://bit.ly/3E0d2s7).

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი თითოეული წევრის ჩართულობის აუცილებელი წინაპირობაა. თავის მხრივ, კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დასწრებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.

სახალხო დამცველი განაგრძობს თელარა გელანტიასთვის მთავრობის სხდომებზე დასწრების შეზღუდვის საკითხზე დაკვირვებას, მათ შორის, თვალყურს ადევნებს მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის კუთხით არსებულ მდგომარეობას“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.