მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ლოკოკინაზე მოთხოვნა მაღალია... ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით - ჰარცელი

6207bd684b333
ინგა მურუსიძე
12.02.22 23:09
1824
ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მოთხოვნა მაღალია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ვიდეო-მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ 2021 წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაახლა რეგულაცია 2002/34, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს სხვა პროდუქტებთან ერთად, ევროკავშირში ლოკოკინები გაიტანოს. აღნიშნული, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელდა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ლოკოკინები კვების წარმოებაში გამოიყენება. ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და საქართველო, მისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ლოკოკინების წარმოებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევა. ამჟამად, საქართველოში ლოკოკინები დაახლოებით 50 ფერმაში იწარმოება.

„მინდა აღვნიშნო ის ქართული პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე — ლოკოკინა. შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ, თუმცა ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მოთხოვნა მაღალია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს.

ამასობაში ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე ახალი ქართული პროდუქტის გაძლიერებას“, - აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვაში.

ლოკოკინების წარმოება, ამ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნის, დაბალი საწარმოო ხარჯებისა და მაღალი შემოსავლების გამო, მიმზიდველ საქმიანობად ითვლება. საქართველოში ფერმერებს წარმოების დაწყება 0.5 ჰა მიწის ფართობზეც შეუძლიათ, ხოლო წარმოებულ პროდუქტს ევროპის ბაზარზე 10 ლარზე მეტ ფასად გაყიდიან.