მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობის დინამიკა საქართველოსა და რეგიონში - ივლისის სტატისტიკა

5f412594e4847
ეგნატე შამუგია
23.08.20 17:10
3287

• იანვარ-ივლისში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 16.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 15.3%-ით. ივლისში წინა თვეებისგან განსხვავებით ექსპორტის მდგომარეობა შედარებით გაუარესებულია, ხოლო იმპორტის კი, პირიქით.
• იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველო ექსპორტი რეგიონის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან საშუალოდ 36.7%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ზრდა მხოლოდ ბულგარეთში იყო, რამაც 13.7% შეადგინა.
• მიმდინარე წლის 7 თვეში, რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის შემცირება ყველაზე დიდი ნიშნულით მარტსა და აპრილში დაფიქსირდა.
• ივლისში, წინა თვესთან შედარებით რეგიონის ძირითად საექსპორტო ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტი 1.7%-ით შემცირებულია, რაც ივნისში, მაისთან შედარებით 12.4%-ით მეტი იყო.

ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. 2017-2018 წლებში კი, წმინდა ექსპორტი წილი 4.0 პ.პ. და 3.3 პ.პ. -ები იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდა დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.



2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნაა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. თუმცა, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რაც მომდევნო თვეებში საქართველოს ექსპორტის პერსპექტივას გააუმჯობესებს. შესაბამისად, ივნისში საქართველოს ეკონომიკა უფრო ნაკლებით შემცირდა, ვიდრე წინა თვეებში. მიმდინარე წლის I ნახევარში კი, ეკონომიკა საშუალოდ 5.8%-ითაა შემცირებული.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.6%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 48.6%. 2019 წელთან შედარებით ექსპორტის წილი შემცირებული, ხოლო იმპორტის გაზრდილი. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რომლებიც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 39.0%-ს შეადგენს. უშუალოდ ამ ორი საქონლიდან მთლიან ექსპორტის 54.4% რუსეთის წილია (მათ შორის, ღვინო 59.8%) სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, სადაც ექსპორტირებული სპილენძის მადნების 40.5%-ს ექსპორტირება ხორციელდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს - ამ ქვეყნებში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხდება და სწორედ ესაა ძირითადი საქონელი, რომელიც მათ ბაზარზე გადის. აღნიშნულის გარეშე, ამ ორ ქვეყნაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 19.5% თამბაქოს პროდუქციაა, ხოლო 11.4% კი - სამკურნალო საშუალებები (რეექსპორტის გარეშე). სომხეთში კი ძირითადად სპირტის (4.5%), სამკურნალო საშუალებების (4.3%) და ციანიდების (4.1%) ექსპორტი ხორციელდება.



განსხვავებით გასული წლებისა, მიმდინარე წელს ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, რეგიონიდან საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.7% უჭირავს. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ.ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.3%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტი 31.4%-ითაა შემცირებული. მათ შორის ნავთობპროდუქტების ექსპორტი 8.9%-ით ნაკლებია. ხოლო ამავე პერიოდში იმპორტის 28.9%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ წინა თვეებთან შედარებით ნავთობპროდუქტების ექსპორტი შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან იანვარ-მაისში აღნიშნული საქონლის კლება უფრო მეტი იყო. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტში 83.2%-იანი სწორედ რუსეთის წილია. მიმდინარე წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 46.5%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტის 23.5%-იანი კლება, ხოლო იმპორტის 6.7%-იანი იყო. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია. ამ უკანასკნელის ძირითადი მომხმარებელი ევროკავშირის ქვეყნებია, საიდანაც იანვარ-მაისთან შედარებით მოთხოვნა უფრო მეტად შემცირებულია. საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. მიმდინარე წელის იანვარ-ივნისში სომხეთის ექსპორტი 6.5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 12.9%-ით. სომხეთში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების შემცირება გაცილებით უფრო მაღალი მაისის თვეში იყო, რაც ივნისში შედარებით გაუმჯობესებულია.



რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მეოთხე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. თუმცა, ამ უკანასკნელის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. 2020 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.0%-ით შემცირდა. მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში 10.5%-ით. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 11.7%-იანი კლება იყო. მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში 11.0%. ხოლო, რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში კი უკრაინის ექსპორტი 6.1%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 16.6%-ით ნაკლებია.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ასეთი კი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყირგიზეთის ექსპორტის 2.4%-იანი ზრდაა. აღნიშნული ქვეყნებიდან კი სავაჭრო ბრუნვა ყველაზე მეტად აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთი და უზბეკეთში შემცირდა, რაც, ერთი მხრივ, ნავთობის ფასის შემცირებას და მეორე მხრივ, გლობალურად შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ნავთობზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 15.6%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტის 16.3%-იანი კლებაა, ხოლო იმპორტის კი 15.3%. ეს მაჩვენებელი იანვარ-ივნისში ექსპორტის 15.5%-იანი და იმპორტის 16.4% -იანი კლებით იყო. 2020 წლის ივლისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ექსპორტი 20.8%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 9.6%-ით. გასულ თვეს ექსპორტის შემცირების ნიშნული ბევრად მაღალია, ვიდრე ივნისში და იმპორტის შემთხვევაში პირიქით. კერძოდ, ივნისის თვეში ექსპორტის 12.8%-იანი და იმპორტის 16.9%-იანი კლება დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ივლისის თვეში სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა.



ბოლო თვეში ექსპორტის შემცირების დინამიკა, მისი მოცულობიდან გამომდინარე ყველაზე თვალსაჩინო აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში იყო. შემცირება აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება ივლისში 50.5%-ით შემცირდა, რაც ბოლო თვეებში ყველაზე დიდი შემცირება. ივნისში კი კლება 22.7% იყო. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანში ექსპორტის 14.5%-იანი კლებაა. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთის კუთხით, სადაც ამავე პერიოდში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 41.7%-ით ნაკლებია. თუმცა, ივლისში წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 5.5 პ.პ. -ით უფრო ნაკლები, 39.4%-იანი კლება დაფიქსირდა.



მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 24.7%%-ით შემცირდა. ივლისში ექსპორტის შემცირება ყველაზე მცირე 3.6% იყო, როცა წინა თვეებში საშუალოდ 27.2%-ით მცირდებოდა. ამავე პერიოდში, უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 36.3%-ით ნაკლებია, მაგრამ ივნისსა და ივლისში საშუალო კლების მაჩვენებელი 29.0%-ია, რაც წინა ორ თვესთან შედარებით უფრო დაბალ შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან ექსპორტის მოცულობა მცირდება, არსებობს გამონაკლისი. კერძოდ, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბულგარეთში ექსპორტი 53.9%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ივლისში კი 13.7%-იანი ზრდაა. თუმცა, რეგიონიდან ევროკავშირის წევრ მეორე ქვეყანაში - რუმინეთში ექსპორტი 86.7%-ითაა შემცირებული.



გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც ექსპორტის შემცირების ნიშნული დიდია. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი თურქეთში (12.8%), უზბეკეთში (42.1%), ყირგიზეთში (79.4%) და ყაზახეთში (39.7%) შემცირდა. 2020 წელს I ნახევარში აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურებამ მთლიან ექსპორტის 10.5%-ს შეადგენდა.


საქართველოს საგარეო ვაჭრობა - საქონლის სახეები

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები (17.3%), ფეროშენადნობები (8.0%), ყურძნის ღვინოები (5.9%), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები (4.6%) და მინერალური წყლებია (3.5%). ჯამში, ეს ხუთი საექსპორტო საქონელი მთლიანი ექსპორტის 39.4%-ს იკავებს, რაც მიმდინარე წლის I ნახევარში 42.3%-ია. აღნიშნული საქონლის გატანა კი უმეტესად რეგიონის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში ხდება. ხსენებული პროდუქცია არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ ისტორიულად უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც ადრეული პერიოდიდან სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის.



მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხუთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ოთხის ექსპორტი შემცირებულია. მათგან მხოლოდ სპილენძის მადნების ექსპორტია გაზრდილი. კერძოდ, იანვარ-ივლისში 7.2%-ით გაიზარდა. საქართველოდან სპილენძის მადნების ყველაზე დიდ იმპორტიორი ქვეყანა ბულგარეთია, რომელიც ამ უკანასკნელის ექსპორტში 40.5%-იანი წილი უჭირავს.

2020 წლის იანვარ-ივლისში პროცენტულად ყველაზე დიდი შემცირება დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ნაწილშია, სადაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ უკანასკნელის ექსპორტი 57.7%-ით შემცირდა. რიგით მეორე უმსხვილესი საექსპორტოს საქონელი - ფეროშენადნობები ივლისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24.6%-ით შემცირდა. შედეგად, აღნიშნულის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 33.5%-ითაა შემცირებული. ამავე პერიოდში მინერალური წყლების ექსპორტი 22.9%-ით და ღვინის 5.6%-ითაა ნაკლებია.

მიმოხილვის შეჯამება

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. საქართველო ისტორიულად ევროპის და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს. მათგან კი, პირველი სამი ქვეყანა უშუალოდ მეზობელი - რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა, ძირითადი სავაჭრო რეგიონი არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ნავთობის ფასებს უკავშირდება. ამდენად, მიმდინარე წელს რეგიონის სავაჭრო მაჩვენებლების გაუარესება არამხოლოდ პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასაც უკავშირდება.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტი, იანვარ-ივლისთან შედარებით 0.8 პ.პ. -ით მეტად, 16.3%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი, პირიქით, 1.1 პ.პ.-ით ნაკლები, 15.3%-ითაა შემცირებული. ეს ივლისის თვეში იმპორტის კუთხით გაუმჯობესებულ მგომარეობაზე მიუთითებს, ვიდრე წინა თვეებში არსებული.