მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებელთა რიცხვი 442,000-მდე გაიზარდა

5f9a782c0f891
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.20 13:00
1376
საქართველოს ბანკებსა და მისო-ებში ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა გაზრდილია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას მიერ დეპუტატ კობა ნაყოფიასთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კითხვა ბოლო 9 თვის განმავლობაში ვადაგადაცილებული სესხების დინამიკას შეეხებოდა. 

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის იანვარში, "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში ვადაგადაცილებულ მსხესხებლად სულ 396,282 ადამიანი იყო აღრიცხული. ეკონომიკური კრიზისისა და ლოქდაუნის გამოცხადების პარალელურად კი ეს მაჩვენებელი 31 აგვისტოს მდგომარეობით 448,821-მდე გაიზარდა, 30 სექტემბრის მდგომარეობით კი სიაში 442,571 მსესხებელი იყო აღრიცხული. 

კრედიტინფოს ბაზის თანახმად, კრედიტის მომსახურების ვადის 30 დღეზე მეტად დარღვევა ვადაგადაცილების ფაქტდათ ითვლება, შესაბამისად აღნიშნული სტატისტიკაც ბანკებში, მისო-ებსა და სესხის გამცემ სუბიექტებში ერთ თვეზე მეტად დაგვიანებულ სესხებს მოიცავს. 

თავად ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ზომა 522 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანად სასესხო პორტფელის 1.4%-ია. მთლიან საკრედიტო პორტფელთან მიმართებით ვადაგადაცილებული სესხები ჯერჯერობით დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს, თუმცა სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, მომავალში უმოქმედო სესხების მოცულობა გაიზრდება.