მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვადამდელი არჩევნები არა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არამედ "ოცნების" კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული

610145ec731ed
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.21 15:58
3177
19 აპრილის ე.წ. "შარლ მიშელის" შეთანხმება ანულირებულია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუკი 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ეს "კეთილი ნებით" იქნება განპირობებული. 

"მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, შარლ მიშელის შეთანხმებით, თუკი "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა. 

გაურკვეველია რას გულისხმობს კობახიძე მის მიერ ვადამდელი არჩევნებისთვის დაყენებულ ახალ წინაპირობაში - "თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს."

შეგახსენებთ, დღეს "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმების "ამოწურვის" და "ანულირების" შესახებ გააკეთა განცხადება:

"დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში ქართული ოცნების მხრიდან ამ შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"პირდაპირ გეტყვით, ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს შეთანხმება ანულირებულია და პირობების შესრულება, რაც კი რაციონალურ ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს, ბუნებრივია, ეს ჩვენი კეთილი ნება იქნება, პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.