მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაღიარებთ დავალიანებას, მაგრამ ახლა სექტორი გადახდისუუნაროა - ალავერდაშვილი

5f996cfa6f016
ელენე გოგბერაშვილი
28.10.20 19:20
1985
ჰორეკა სექტორს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ საშუალოდ 20-25 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. ამოუღებელი ათეულობით მილიონი ლარის გამო კი მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებს საბრუნავი კაპიტალი აღარ დარჩათ.

ჰორეკა სექტორი სადისტიბუციო კომპანიების მიმართ არსებულ დავალიანებას აღიარებს. ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი განმარტავს, რომ დღეს სექტორი გადახდისუუნაროა, თუმცა ამ ვალდებულებას სასტუმრო ბიზნესი არ გაურბის.

„საშუალოდ 20-დან 25 მილიონამდე დისტრიბუტორების დავალიანება გვაქვს ჩალექილი ჰორეკა სექტორში, ვაღიარებ. სანამ არ გავიხსნებით, ფულს ვერ ვიხდით. ვალი მაქვს ნაღიარები, rs.ge-ზე დადასტურებული მაქვს ყველაფერი, თუმცა სანამ ქვეყანა არ გაიხსნება და სასტუმროები, ტურიზმი არ დაიწყებს მუშაობას, ფულს ვერ გადავიხდი.

ჩვენც დაზარალებული ვართ, მაგრამ უფრო მეტად დისტრიბუტორები, რადგან ჩვენ მათგან პროდუქცია მიღებული გვაქვს, დღგ გადახდილი აქვთ დისტრიბუტორებს, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად ვერ ვაძლევთ თანხებს.

ჩვენს შორის იყო მრავალწლიანი კეთილსინდისიერი ურთიერთობა, დისტიბუტორები გვანდობდნენ პროდუქციას 1-2 თვეს, ვიხდიდით თანხებს და პრობლემები არ გვქონია. როცა მუშაობას დავიწყებთ ვთანხმდებით, რომ ვალს გადავიხდით“-აცახდებს შალვა ალავერდაშვილი.

დისტიბუტორების მიმართ საკმაოდ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ რესტორნებსაც. რესტორატორები ამბობენ, რომ პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს სადისტრიბუციო კომპანიები დგაგან, კარგად ასახავს დღეს არსებულ ვითარებას, რომ თუ ერთ, რომელიმე სექტორს გაუჭირდა, მას ჯაჭვური რეაქციით მიჰყვება დაკავშირებული სექტორების ჩამოშლა.

„დღესდღეობით მთლიანად სექტორში ობიექტების 100%-დან 70% არის დახურული. ამან წარმოშვა პრობლემა დისტიბუტორთან ურთიერთობაშიც. 70%-ს დახურვის შემთხვევაში ჩარჩა პროდუქცია, ეს პროდუქცია ხშირ შემთხვევაში მალფუჭებადია და გაყიდული პროდუქციის განაღდება ვერ მოხერხდა სხვა დავალიანების გამო - ბანკები იყო, ასევე იჯარა“- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა სადისტრიბუციო ბიზნესში შექმნილ კრიზისულ ვითარებას, ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობა კერძო სექტორის მოთხოვნას საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების შესახებ.