მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკანსიების განთავსება 70%-მდეა შემცირებული - რომელ სექტორებში ეძებენ თანამშრომლებს? - HR.GE

5f2ec15945415
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.20 20:00
2106
„დასაქმების სააგენტო HR“-ის, იგივე HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი შრომის ბაზარზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი განაცხადების განთავსება დაახლოებით 70%-ითაა შემცირებული.

კომპანიის რეგიონული მენეჯერი BM.GE-ის განუმარატავს, რომ აქტივობა მკვეთრად მარტში შემცირდა, ხოლო მაისის მეორე ნახევრიდან ვაკანსიების განთავსების მსურველი კომპანიების რაოდენობამ იმატა.

„HR.GE-ზე მარტის დასაწყისიდან აპრილის დასაწყისამდე გვქონდა არა განახევრება, არამედ კომპანიების მხრიდან ვაკანსიების განთავსების 30%-მდე კლება.

მაისის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც მცირედით მოიხსნა შეზღუდვები ნელ-ნელა დაიწყო აქტიურობა, შეინიშნებოდა მატება, რომელიც ივნისსა და ივლისშიც გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, კომპანია ვერ დაბრუნდა იმ ვითარებაში, რა ვითარებაც იანვარ-თებერვალში, პანდემიის დაწყებამდე იყო. დღეისთვის ვაკანსიების განთავსების აქტივობა 70%-მდეა შემცირებული“, - განაცხადა ინგა შახბაზიანმა.

HR.GE-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ის სექტორები გამოყო, სადაც ახალი სამუშაო ადგილების გამოცხადების მაჩვენებელი შედარებით მაღალია და სადაც ეს მაჩვენებელი განულებულია.

"ვაკანსიების განთავსების კლება განსაკუთრებით მაღალ პოზიციებს შეეხო და ამ ტიპის ვაკანსიები ფაქტობრივად აღარ თავსდება, ალბათ იმიტომ რომ ბევრ კომპანიაში იყო შემცირებებიც განსაკუთრებით მაღალ პოზიციებზე.

რაც შეეხება აქტიურობას, პანდემიის პერიოდში აქტიურობა ძირითადად გაყიდვების მიმართულებით გვქონდა. ამ პერიოდში ვაკანსიების გამოცხადების მხრივ განსაკუთრებით სასურსათო მაღაზიათა ქსელები, აფთიაქები და კლინიკები იყვნენ გააქტიურებულები. ყველაზე მეტად გააქტიურდა ასევე კომპანიებში IT მიმართულებები.

ივლისიდან ნელ-ნელა ბაზარზე გამოჩნდა ჰორეკას მიმართულება, უფრო რესტორნების ნაწილში, სასტუმროები და სხვა კომპანიები - წარმოებები, დისტრიბუციები და ა.შ. თუმცა ჰორეკას სეგმენტში პანდემიამ ვაკანსიების გამოცხადებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, რა მაჩვენებლებიც გვქონდა გასულ წელს, იმის ნახევარიც კი არ თავსდება წელს; ტურისტული კომპანიების ვაკანსიებს კი ჩვენს ვებგვერდზე საერთოდ ვერ ნახავთ“, - განმარტა კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქტივობა სექტემბრიდან გაიზრდება, თუმცა მიიჩნევენ, რომ კომპანია ამით დატვირთვის 100%-იან მაჩვენებელს ვერ დაიბრუნებს.

"ველით, რომ სექტემბრიდან ვაკანსიების რაოდენობა მოიმატებს. აგვისტოს ბოლოდან უნდა იყოს უკვე გააქტიურება, რადგან ორგანიზაციები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ამასთან, დაანონსდა რომ სკოლები გაიხსნება და ეს იმის მანიშნებელია, რომ ბაზარზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოცოცხლდება და კომპანიებიც გამოცოცხლდებიან.

ვფიქრობთ, რომ 100%-იანი დატვირთვა წლის ბოლომდე არ გვექნება, თუმცა დღეს თუ 60-70%-იანი დატვირთვა გვაქვს, სექტემბრისთვის შეიძლება 80%-90%-ზე მაინც ავიდეთ“, - უთხრა BM.GE-ის ინგა შახბაზიანმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია 100-120 ადამიანს ასაქმებს და მათ დასაქმებულები პანდემიის მიუხედავად შეინარჩუნეს.