მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკის და „ბუდაპეშტის“ საქმე - კითხვა-პასუხის რეჟიმი მერიასა და ინვესტორს შორის

601d3a431fbb0
ინგა მურუსიძე
05.02.21 16:29
943

თბილისის მერია ვაკის პარკის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში პარკი დაიკეტება. შესაბამისად, ისევ აქტუალური გახდა მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენების თემა -  კომპანია "ტიფლის დეველოპმენტის" მენეჯმენტი ირწმუნება, რომ მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან მიუხედავად 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვისა, ინვესტორს ადგილზე სასტუმროს აშენების უფლება არ ეძლევა და თბილისის მერია სანაცვლოდ არც შესაბამისი ღირებულების ადგილმონაცვლე ქონებას სთავაზობს. "რადგან მერია გვეჭიდავება, გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სასტუმროს მშენებლობას დავიწყებთ", - თქვა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლმა გიორგი ზაქაიძემ დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე. 


თავის მხრივ, ინვესტორს თბილისის მერიიდან პასუხობენ, რომ 2013 წელს გაცემულ ნებართვას ვადა უკვე გაუვიდა. მეტიც, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ინვესტორის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინვესტორები მუნიციპალიტეტს ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრონ.

„მე გარანტიას გაძლევთ, რომ თვითნებურად ვაკის პარკში მშენებლობა არ დაიწყება. ეს გამორიცხულია, მიუღებელია მოსახლეობისთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენი გეგმა არ ყოფილა და არც ახლაა, რომ ძალადობრივ რეჟიმში ვილაპარაკოთ ბიზნესთან ან საერთოდ ვინმესთან. ყოველთვის მოვუწოდებდით კომპანიას მოლაპარაკებებისკენ და ახლაც ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, "ეს პროექტი არის ტვირთი, რომელსაც მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს".

ირაკლი ხმალაძეს ერთადერთ გამოსავლად ინვესტორთან მოლაპარაკება და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის სხვა ქონებით ჩანაცვლება მიაჩნია.

„სამართლებრივად დღეს მდგომარეობა არის ასეთი - მათ არ აქვთ მშენებლობის ნებართვა. მათ აქვთ განაშენიანების გეგმა დამტკიცებული, რაც სამართლებრივად სწორია. მშენებლობის ნებართვას არ გავცემთ; მზად ვართ სხვა ტერიტორიები შევთავაზოთ“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ ინვესტორს ადგილზე ანუ ვაკის პარკის მიმდებარედ რესტორნის აშენება შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

"ტიფლის დეველოპმენტში" კი ამბობენ, რომ სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებაზე მხოლოდ ზოგადი სუბარი იყო და რაიმე კონკრეტული შეთავაზება ან გადაწყვეტილება მერიას ინვესტორისთვის არ შეუთავაზებია.

როგორ განვითარდება მერიასა და ინვესტორს შორის ურთიერთობა, უცნობია. თბილისის ვიცე-მერი კომპანიასთან კომუნიკაციაზე თანახმაა და ამბობს, რომ ინვესტორების ბიზნეს-გეგმების კარგად ესმის, თუმცა ახლა ბიუჯეტიდან, კომპენსაციის სახით, 20 მილიონი ლარის გადახდა სწორი არ იქნება, ამიტომ ინვესტორმა ადგილმონაცვლე ტერიტორია უნდა მიიღოს.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მერიამ "ტიფლის დეველოპმენტს" რამდენიმე მიწის ნაკვეთი შესთავაზა, მათ შორის იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარედ გარკვეული ტერიტორია, რაზეც ინვესტორმა უარი თქვა, რადგან იქ სასტუმროს მშენებლობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

„მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვას არ გასცემს“, - ასეთია თბილისის მერიის საბოლოო პოზიცია დღეს.