17.თებერვალი .2020 10:57

ვაკის პარკში 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ აღდგება-რითი ხსნის ინვესტორი კომპრომისს

views 670
უკან

რესტორანი "ბუდაპეშტი" სასტუმრო "ბუდაპეშტის" ნაცვლად - ინვესტორი თბილისის მერიას კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს და მზად არის, უარი თქვას სასტუმროს მშენებლობაზე. სანაცვლოდ კი, ვალდებულებას იღებს, აღადგინოს 1958 წელს აშენებული რესტორანი "ბუდაპეშტი"ისტორიულად არსებული მოცულობის და ფასადის შესაბამისად.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა, მიუხედავად სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა და სრული კანონიერი უფლებისა ეს ვარიანტი მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ მერია გეგმავს ვაკის პარკის რეაბილიტაციას.

ინვესტორის განცხადებით, რესტორან "ბუდაპეშტის" მშენებლობისას არ დაზიანდება არცერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და არსებული მდგომარეობის ნაცვლად ტერიტორიას დაუბრუნდება მისი პირვანდელი სახე. ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა ველო პარკი, სადაც პარკის დამსვენებლები სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას.

სასტუმრო "ბუდაპეშტის" წამომადგენლის გოგა ზაქაიძის თქმითვე, ინვესტორის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება შესაძლებლობას მისცემს თბილისის მუნიციპალიტეტს დაზოგოს ბიუჯეტიდან 6 მილიონი დოლარის საკომპენსაციო თანხა და ასევე არ შეილახება მესაკუთრის სამართლებრივი უფლებები.

“მოგესალმებით, დღეს მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც გვინდა შევთავაზოთ თბილისელებს და თბილისის მერიას. მიუხედავად სასმართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა და ყველანაირი კანონიერი უფლებისა, ჩვენ ვთანხმდებით კომპრომისულ ვარიანტს და მზად ვართ, უარი ვთქვათ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაზე.

მოგეხსენებათ თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს ვაკის პარკის და ისტორიული კასკადის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მასშტაბური პროექტიდან გამომდინარე ინვესტორი მზად არის სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად აღადგინოს ამ ადგილას რესტორან "ბუდაპეშტის" ისტორიული შენობა, რომელიც აშენდა 1958 წელს, ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა პარკის განუყოფელ ნაწილს და იყო პარკის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი და კოლორიტული ადგილი.

ჩვენ მზად ვართ, დავთანხმდეთ მერიის მხრიდან შემოთავაზებულ თავდაპირველ წინადადებას და დავუბრუნოთ რესტორანს მისი პირვანდელი სახე. ისტორიულად არსებული სიმაღლისა და ფასადის შესაბამისად.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღდგენითი სამუშაოების დროს არათუ არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი, არამედ დამატებით განხორციელდება ტერიტორიის გამწვანება. ინვესტორი საჯაროდ იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს არსებული ტერიტორიის უმოკლეს დროში კეთილმოწყობას და მომავალში მის მოვლა-პატრონობას. თქვენ ხედავთ დღესდღეობით რა ვითარებაა ადგილზე და ვფიქრობთ რომ რესტორან ბუდაპეშტის აღდგენა სრულ შესაბამისობაში მოვა ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან.

ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი იმისათვის, რომ დღეს არსებული სამშენებლო თხრილის ნაცვლად პარკს და ამ ადგილს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე”, - განაცხადა ზაქაიძემ.

მან მედიას ასევე წარუდგინა რესტორან "ბუდაპეშტის" ისტორიული შენობის პროექტი, სადაც შენარჩუნებულია პირვანდელი სახე.

„აქვე დავამატებთ, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ინვესტორი ასევე იღებს ვალდებულებას, ადგილზე მოაწყოს ველო პარკი და პარკის სტუმრები შეძლებენ სრულიად უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით.

როგორც აღვნიშნე ჩვენი როგორც ინვესტორის ეს კომპრომისული ვარიანტი მიღებული იქნა იმის გათვალისწინებით, რომ იგეგმება ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ამასთან ერთად უკვე წელიწადზე მეტია რაც თბილისის მერიასთან ვერ მოხერხდა შეთანხმება ადგილომაცვლეობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება პარკის სტუმრებისთვის და ასევე არ შეილახება ინვესტორის სამართლებრივი უფლებები. ამ პროექტის აღდგენის შემთხვევაში, განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და ამასთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტი შეძლებს ბიუჯეტიდან დაზოგოს 6 მილიონი დოლარის საკომპენსაციო თანხა”, – აცხადებს სასტუმრო ბუდაპეშტის წარმომადგენელი გოგა ზაქაიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა