მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალდებულება ავიღეთ, რომ ფქვილის მაქსიმალური სარეალიზაციო ფასი 52 ლარი იქნება - „ბარაქა“

6474b1bebd1a8
ელენე გოგბერაშვილი
30.05.23 09:29
2822
მიმდინარე წლის 10 ივნისიდან საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით გადასახადს აწესებს, რომელიც მომდევნო 5 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების პირობებში წისქვილები ვალდებულნი იქნებიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ქართული ხორბალი და პურის მწარმოებლებს ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.

ჯერ მთავრობას შესაბამისი დადგენილება არ მიუღია, ამიტომ ოფიციალურად უცნობია, როგორც ბიზნესთან არსებული შეთანხმების დეტალები, ისე ბაჟის ის მოცულობა, რომელსაც საქართველო იმპორტირებულ ფქვილზე გაავრცელებს.

როგორც კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელი bm.ge-სთან ამბობს, წისქვილები იღებენ ვალდებულებას, რომ ბაზარს ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს 52 ლარზე ძვირად არ მიაწვდიან. რაც შეეხება ბაჟის მოცულობას, ლადო ბიძინაშვილის თქმით, კონსულტაციებზე გადაწყდა, რომ ის ერთი ტონა ფქვილის შემთხვევაში 200 ლარით განისაზღვრება.

„ფქვილის იმპორტზე დაწესდა დამატებითი გადასახადი 200 ლარის მოცულობით დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს ადგილობრივ მწარმოებლებს სხვა უცხოელ მწარმოებლებთან მიმართებაში.

წისქვილკომბინატებმა ავიღეთ ვალდებულება, რომ შევიძენთ ქართული წარმოების ხორბალს, კონკრეტულ ფასად, ხარისხიდან გამომდინარე. ეს ფასი, რა თქმა უნდა, მერყევი იქნება. ასევე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფქვილს მივაწვდით იმ კონკრეტულ ფასად, რომელიც პურის გაძვირებას არ გამოიწვევს.

დღეს ერთი ტომარა 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 44 ლარიდან 50 ლარამდე ფარგლებში. ვვარაუდობთ, რომ სამომავლოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი მოსავალი უკვე დაგვეწია, ეს ფასი არ გაიზრდება, მაგრამ ჩვენი შეთანხმების პირობებში, ვალდებულება გვაქვს აღებული, მაქსიმალური სარეალიზაციო ფასი იქნება 52 ლარი“, - აცხადებს ლადო ბიძინაშვილი.